ოკუპანტების მიერ გატაცებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გათავისუფლდნენ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
გიორგი მელაძისა და დიტო კორინთელის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.
საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მწვავედ იქნა დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად," - წერია განცხადებაში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მცხოვრებლები - 1988 წელს დაბადებული გიორგი მელაძე და 1994 წელს დაბადებული დიმიტრი კორინთელი - 24 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს. მათთან ერთად დაკავებული ხვიჩა კორინთელი 5 დეკემბერს გაათავისუფლეს.