შალვა პაპუაშვილის მორიგი იერიში არასამთავრობო ორგანიზაციებზე

15.03.24 12:25
შალვა პაპუაშვილის მორიგი იერიში არასამთავრობო ორგანიზაციებზე

შალვა პაპუაშვილის მორიგი იერიში არასამთავრობო ორგანიზაციებზე - პარლამენტის თავმჯდომარე ე.წ. ვეტინგის საკითხს იყენებს კვლავ მესამე სექტორზე თავდასხმისა და მათი დისკრედიტაციისთვის.

პაპუაშვილი ცდილობს, დააჯეროს საზოგადოება, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხის გააქტიურება არა დასავლეთის მოწოდებას, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებს უკავშირდება. 

საკითხი მარტივადაა - საქართველო უნდა მართონ ქართველმა ხალხმა თუ უცხოელებმა? ჩვენი 30 წლიან დამოუკიდებლობაზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ქართველი ხალხია ის, ვინც უნდა მართოს ქვეყანა. სწორედ ქართველი ხალხია ის, ვისი მანდატითაც უნდა იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. ხოლო, NGO-ები, რომლებიც ასი პროცენტით უცხოეთიდან ფინანსდებიან, ამბობენ, რომ მათმა დამფინანსებლებმა უნდა მართონ ჩვენი ქვეყანა და მათმა დამფინანსებლებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იყოს და არ იყოს მოსამართლე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს NGO-ები არანაირი ხალხის წარმომადგენლები არ არიან, არიან საკუთარი დონორების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მათი ინტერესია, რომ რამენაირად საკუთარი დამფინანსებლები ჩართონ ქვეყნის მართვაში. NGO-ებს ხალხისგან არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, მათ ხალხის მიმართ პასუხისმგებლობა არ აქვთ და ისე მოქმედებენ, როგორც მოქმედებენ. თუმცა, გასაკვირია ის, როცა პოლიტიკურ პარტიებზე ვსაუბრობთ. როცა ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ არა ქართველმა ხალხმა და მათი მანდატით აღჭურვილმა ადამიანებმა, არამედ უცხოელებმა, 26 ოქტომბერს არჩევნებია. ჩვენ არჩევნებზე იმ კონცეფციით გავალთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ჩვენ შეგვიძლია, გადაწყვეტილებები თავად მივიღოთ. ჩვენ არ ვართ შეუმდგარი ქვეყანა, არ ვართ მაჩანჩალა ქვეყანა და არ ვართ მესამე სამყაროს წარმომადგენელი ქვეყანა. ოპოზიცია არჩევნებზე გადის იმ კონცეფციით, რომ ქართველ ხალხს არ აქვს უნარი გადაწყვეტილებები თავად მიიღოს და უცხოელები უნდა ჩამოვიყვანოთ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მართავენ. ჩვენ ერთი კონცეფციით გავდივართ, ისინი მეორე და ნახავენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი. 26 ოქტომბერს გადაწყდება ყველა ეს საკითხი - ჩვენ გვინდა, ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც იმის პრეტენზია აქვს, რომ დამოუკიდებლად შეუძლია მართოს თავისი ქვეყანა თავი და ქართველი ხალხის მანდატით, თუ ის, რასაც ამბობს ოპოზიცია, რომ მათ მართვის არანაირი უნარი არ აქვთ და ქართველ ხალხს არ აქვს არანაირი ცოდნა, გამოცდილება და იმის აღქმა, თუ რა არის მისთვის უკეთესი და საჭიროა მეურვეები მოვიყვანოთ, რომლებიც გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის ნაცვლად მიიღებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ცდილობს. ე.წ. ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით საუბრის დროს მან რამდენჯერმე გააკრიტიკა მესამე სექტორი: 

"გვითხრან, თუ საერთოდ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან და „ენჯეოებმა“ და დონორებმა მართონ ეს ქვეყანა - არაფერი ესაქმება უცხო ქვეყანას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დაკომპლექტებაში", - ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აკეთებს.

გარდა ამისა, პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ეჯიბრება და ჯობნის კიდეც ოპოზიციას დეზინფორმაციის შეთანხმებულ გავრცელებაში - "ეჯიბრებიან და ჯობნიან კიდეც ოპოზიციას დეზინფორმაციის გავრცელებაში".

 პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სამოქალაქო სექტორს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა უნდა და ამ მიზნით ისინი ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობენ.

მსგავსი სიახლეები