"წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოს" - "ოცნების" მუქარა მოსამართლეებზე
"ქართული ოცნება" მოსამართლეებს განსხვავებული აზრის გამო ემუქრება - დეპუტატებმა იერიში მიიტანეს ნინო ბაქაქურსა და ეკატერინე გასიტაშვილზე, რომლებიც არ დაეთანხმნენ ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც დაგმობილი იყო მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მოთხოვნა და ეწერა, რომ "დაინტერესებული პირების მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვაა მართლმსაჯულების სისტემაზე."
მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე ამ პოზიციას გაემიჯნა, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა და ასევე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მათზე იერიში მიიტანეს და გააკრიტიკეს.
ბაქაქურსა და გასიტაშვილზე მუქარა გაახმოვანა დღეს პარლამენტის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.
ამ ორ მოსამართლეს რჩევას მივცემდი, რომ მათაც დაანებონ კეკლუცობას თავი. იმიტომ, რომ არც ერთ მოსამართლეს არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა და, შესაბამისად, წინ რომ გამოხტებიან შეიძლება მგელმა შეჭამოს. იმიტომ, რომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაცაში არ არიან მართლაც კეთილსინდისიერები და ხომ იცით როგორც ხდება? ის ადამიანები ხმაურობენ, როგორც წესი, და ყველაზე მეტად ცდილობენ თავის გამოჩენას, რომელთაც შეიძლება ქუდი ეწვოდეთ. ვეტინგის სისტემა არის ადეიშვილიზმი, ადეიშვილის სისტემა," - ამბობს ოდიშარია.
გარდა ოდიშარიასი, დღესვე მოსამართლეები, ვინც მზად არიან კეთილსინდისიერების ტესტი ჩააბარონ, გააკრიტიკა ასევე დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის თქმით, ძალიან უხერხულია, როდესაც მოსამართლეები საუბრობენ, რომ მათ საერთოდ კეთილსინდისიერების შემოწმება უნდათ.
აშკარაა, რომ საკუთარ კეთილსინდისიერებაშიც შეაქვთ ეჭვი და არც თუ უსაფუძვლოდ, თუ მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შინაარს ჩავხედავთ. ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები ამ მოსამართლეების მხრიდან ციხიდან გათავისუფლდნენ. იყვნენ მძიმე დანაშაულში ბრალდებულები. ასევე იყო კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ გადადგმული ლოიალური და რბილი ნაბიჯები ამ მოსამართლეების მხრიდან, თუნდაც მათი ციხიდან გათავისუფლების კუთხით.
კარგია, რომ კლანზე საუბრობენ, რადგან კლანის ძალიან აშკარა, რეალური ფორმატი და სახე არიან სწორედ ეს მოსამართლეები. ამ კლანს წლებია, ადგენს და ასისტემებს „ენჯეო“ სექტორის კონკრეტული ნაწილი საქართველოში და მათ მხარს უჭერენ კონკრეტული ძალები, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პატრონების სახით, ვისაც საქართველოში ჯანმრთელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა არ სჭირდება. სჭირდება სასამართლო სისტემა, როგორც ერთ დროს – 2003-2005 წლებში ზურაბ ადეიშვილმა ფეხქვეშ მოიგდო, მოაწყო ვითომ წმენდა და შემდეგ ეს სისტემა პროკურატურის დანამატად განამწესა საქართველოში. იგივე უნდათ, დღეს გააკეთონ, რისი გაკეთების საშუალება, ცხადია, ქართულ სუვერენულ სახელმწიფოში და სუვერენულ სასამართლოში არავის მიეცემა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.