როგორც ჩანს, ოდიშარიამ საერთოდ არ იცის, რა ნიშნავს კონსტიტუცია... ემუქრება მოსამართლეებს - თავაძე

15.03.24 14:27
როგორც ჩანს, ოდიშარიამ საერთოდ არ იცის, რა ნიშნავს კონსტიტუცია... ემუქრება მოსამართლეებს - თავაძე

"როგორც ჩანს, დეპუტატმა ოდიშარიამ საერთოდ არ იცის რა ნიშნავს კონსტიტუცია და როგორ რეგულირდება ქვეყნის ძირითადი კანონით ხელისუფლების შტოები," - ასე ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძე "ქართული ოცნების" დეპუტატის მხრიდან უზეანესი სასამართლოს ორი მოსამართლის მიმართ მუქარას.

თავაძისთვის მიუღებელია დეპუტატ ბექა ოდიშარიას მხრიდან მოსამართლეებზე მუქარა. 

ნონსენსია, მაგრამ ის დღეს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელია, საქართველოს პარლამენტის წევრი და უზენაესი სასამართლოს იმ დამოუკიდებელ მოსამართლეებს ემუქრება, რომლებმაც გამოთქვეს განსხვავებული აზრი, უზენაესი სასამართლოს ბოლო დროს გაკეთებული, ჩემი აზრით, სამარცხვინო განცხადების თაობაზე.

სამაგიეროდ, ბატონ ოდიშარიას, როგორც ჩანს, შესანიშნავად აქვს გაცნობიერებული, თუ როგორ უნდა მოიწყოს ცხოვრება სახელმწიფო ქონების ხარჯზე, რაზეც არაერთი ინფორმაცია იძებნება ღია წყაროებშიც კი.

ოდიშარია რომ სასამართლო ხელისუფლების დამოკიდებლობაზე ბედავს საუბარს, ეგ კიდევ ცალკე უბედურებაა. მოსამართლეთა დამოუკიდებლობის თემაზე, მას რომ სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტებზე ვესაუბროთ, ეს საერთოდ ზედმეტი ტანჯვა იქნებოდა მისთვის. 

მიუღებელია, რომ საჯარო პირი და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი პირდაპირ ღიად ემუქრება უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებელ და კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, რომლებიც საბედნიეროდ ჯერ კიდევ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლების ნახევარზე მეტია, თან შეუფერებელი ლექსიკით.

პ.ს. ისე, ამ ფაქტზე შოთაძეს უკვე დაწყებული ექნება გამოძიება, რომელსაც ალბათ წინ უძღვოდა უზენაესი სასამართლოს უცნობი თავმჯდომარის მიმართვა პროკურატურისადმი მოსამართლეების დამოუკიდებლობის დაცვის შესახებ, რათქმაუნდა ივანიშვილის ,,სანქციით” - წერს ზაზა თავაძე.

მსგავსი სიახლეები