"კლანი დაპირდათ დაწინაურებას" - რა გამოხმაურება მოჰყვა ორი მოსამართლის მიერ საბჭოს დატოვებას

15.03.24 17:10
"კლანი დაპირდათ დაწინაურებას" - რა გამოხმაურება მოჰყვა ორი მოსამართლის მიერ საბჭოს დატოვებას

ორი მოსამართლის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვება მართლმსაჯულების სისტემებზე მომუშავე ორგანიზაციებს უღრმავებს ეჭვს იმის შესახებ, რომ ბადრი შონიამ და პაატა სილაგაძემ ახალ თანამდებობაზე დანიშვნის გარანტიები პირადად კლანის ბოსებისგან მიიღეს. 

შონიაც და სილაგაძეც თანამდებობების დატოვებას ხსნიან იმით, რომ ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობენ.

ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ მათ გარანტიები არ ექნებოდათ, არც შონია და არც სილაგაძე საბჭოს არ დატოვებდნენ. თანაც, ისინი, ლალიაშვილის თქმით, სასამართლო კლანის წევრები არიან და დაპირება აქვთ მიღებული დაწინაურების.

თანამდებობები დატოვეს იმათ, რომ მყარი გარანტიები აქვთ, რომ ისნი გახდებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ამ ფაქტს უახლოეს მომავალში ვნახავთ, სხვანაირად ისინი თანამდებობებს არ ტოვებენ და არც დატოვებენ, ყველას თავისი გარიგება აქვს, რა თქმა უნდა, კლანის წევრები არიან და კლანი დაპირდათ დაწინაურებას და შესაბამისად, დატოვეს თანამდებობები,“ - ამბობს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი.

"სასამართლო გუშაგის" დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი ვარაუდობს, რომ გარდა სასამართლო ხელისუფლების ლიდერებისა, სავარაუდოდ, ხელისუფლების მხრიდანაც აქვთ მხარდაჭერის მოლოდინი.

როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და მითუმეტეს, რომ ძალიან ბევრი რეკომენდაცია არსებობს ამ პროცესის გაუმჯობესებასთან მიმართებაში, მათ შორის 9 ნაბიჯის ფარგლებში არის უამრავი საკითხი მოცული, ვფიქრობ, რომ ეს პროცესებს აზიანებს და გარკვეულ ეჭვებს აჩენს, რომ სავარაუდოდ, ისინი ემზადებიან იმისთვის, რომ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ამიტომაც დატოვეს ეს პოსტი. მიმდინარე პროცესის დროს, საბჭოს წევრების მიერ თანამდებობის დატოვება ნიშნავს იმას, რომ ირგებენ ამ სისტემას თავზე. როცა სურთ, ისინი კანდიდატები ხდებიან, როცა სურთ, ისინი ტოვებენ თანამდებობას და აქვთ ხელშეწყობა, როგორც ლიდერების მხრიდან, რომლებიც სასამართლოში არიან, ასევე როგორც ჩანს, ხელისუფლების მხრიდანაც აქვთ გარკვეული მხარდაჭერის მოლოდინი,“ - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

ყოფილი მოსამართლის მაია კოპალეიშვილის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთგვარ ტრამპლინად გადაიქცა თავად საბჭოს წევრი მოსამართლეებისთვის, რაც არაკეთილსინდისიერებაზე აჩენს ეჭვებს.

შესაძლოა ვეტინგს მოსამართლეთა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს შესაძლოა, აარიდეს გარკვეულწილად თავი. გამოდის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ტრამპლინი თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის, რომ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ასეთი არაერთი შემთხვევა ვნახეთ, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, არაკეთილსინდისიერებასა და არა გამჭვირვალე მოქმედებაზე მიუთითებს, რაც მიუთითებს იმას, რომ მხოლოდ ის ხალხი ხვდება უზენაეს სასამართლოში, რომელიც მოწონებულია გარკვეული ჯგუფის მხრიდან,“ - ამბობს მაია კოპალეიშვილი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორმა მოსამართლე წევრმა დატოვა ვადაზე ადრე - საუბარია ბადრი შონიასა და პაატა სილაგაძეზე. ორივე მათგანს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს და შესაბამის კონკურსში მონაწილეობს.

 

მსგავსი სიახლეები