კობახიძის დღევანდელი განცხადებები ფასადური ხასიათის იყო - ბუტიკაშვილი
რუსული ნარატივები საქართველოში - პარტია "ახალის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი ქართველი ოლიგარქის გუნდს პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს და "საჯარო პოლიტიკის" ეთერში ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას ევროკავშირსა და NATO-ში ვერ გააწევრიანებს, რადგან კრემლისა და საქართველოს მთავრობის დისკურსი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ოფიციალურ ვიზიტს ეხმაურება და გამართული შეხვედრის დროს კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ფასადურს უწოდებს.
კობახიძის საუბარი არავის აღარ გვიკვირს. თქვენც ახსენეთ, რომ ეს ფასადია. ეს ფასადი სჭირდებათ მათ თავისი ელექტორატის შესანარჩუნებლად, რომელიც ჯერ კიდევ თვლის, რომ "ქართული ოცნება" არის პროდასავლური ძალა. მშვიდობაზე, მსოფლიო წესრიგსა და არჩევნების ლეგიტიმაციაზე დღეს პუტინიც საუბრობს. ამ კუთხით თუ შევხედავთ და შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ დისკურსები ერთმანეთს ემთხვევა.
ამ გზას რომ გავყვეთ, 2012-წლიდან დღემდე ბევრი ფაქტი გვქონდა იმის, რომ "ქართული ოცნება" ვერ მიგვიყვანდა ნატომდე და ევროკავშირამდე. მაშინ, როდესაც ომი დაიწყო და "ოცნებას" მოუწია, რომ საკუთარი პოზიციები გამოეხატა რუსეთის მიმართ, საზოგადოების ეჭვები დადასტურდა. ასევე მარტის აქციების დროს, როდესაც ცდილობდნენ, რომ რუსული კანონი დაემტკიცებინათ, საზოგადოებამ კარგად გაიაზრა, რომ "ოცნებას" ევროპისკენ არ მივყავართ", - ამბობს ბუტიკაშვილი.
ცნობისთვის, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტონტელბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დღეს, თბილისში შეხვდნენ.