საპატრიარქოს დაფინანსება 60 მლნ ხდება - თეოლოგები მოსყიდვაზე საუბრობენ
საპატრიარქოს დაფინანსება 60 მლნ ხდება - ანალიტიკოსები და თეოლოგები ამბობენ, რომ მთავრობა გულუხვი არჩევნების წინ გახდა და მღვდლების კეთილგანწყობის მიღებას დიდი დაფინანსებით ცდილობს.
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მაღალი იერარქების მოსყიდვასაც არ გამორიცხავს. რაც შეეხება მსუყე დაფინანსებას, მირცხულავა ვარაუდობს, რომ საპატრიარქო მას იმ ფონდებს თუ სასულიერო პირებს მისცემს, ვინც მეუფე შიოს "მორჩილებაში" არიან ან იქნებიან.
ანალიტიკოსი "პირველებს" ეუბნება, რომ საპატრიარქო და "ქართული ოცნება" წლებია, უნისონში მოქმედებენ, გადამწყვეტი არჩევნების წინ კი მმართველ პარტიას, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, საპატრიარქოს დახმარება ძალიან სჭირდება.
საპატრიარქო და ხელისუფლება წლების განმავლობაში უნისონში მოქმედებენ და ერთმანეთის გადარჩენის პარადიგმაში არიან. ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც საპატრიარქოს რამე სჭირდება, ის ამას შანტაჟით მაინც აღწევს. ხელისუფლებას მუდმივად სჭირდება ხელისუფლების კეთილგანწყობა. მიუხედავად იმის, "ქართული ოცნება" როგორ არ უნდა აქებდეს საკუთარ რეიტინგსა და საქმიანობას, არჩევნების წინ მას ძალიან რთული ვითარება აქვს.
დაფინანსების შესახებ საუბრისას ეკლესიისთვისო კი არ ამბობენ, საპატრიარქოსთვისო. საპატრიარქო იმის მიხედვით განკარგავს ამ თანხას და იმას მისცემს, ვინც ამ შემთხვევაში შიოს მორჩილების ქვეშ იქნება. წავა კონკრეტული მეუფეების ყიდვაც და ამის მიღმაც რა თქმა უნდა, მოსახლეობაზეც იდეოლოგიური გავლენის თვალსაზრისიდან გამომდინარე სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას"- თქვა მირცხულავამ.
ხელისუფლების მიერ საპატრიარქოს მოსყიდვაზე საუბრობს ლევან ტატურაშვილიც. თეოლოგის თქმით, ამ საქმეში "ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არცთუ ისე სასიამოვნო კომუნიკაციაა. ამიტომ წინასაარჩევნოდ საჭიროა, გარკვეული მოსყიდვების სახით ეს ურთიერთობა დაბალანსდეს, რომ უფრო მარტივი გახდეს არჩევნების მოგება"
ეს ფაქტი რაც ახლა განხორციელდა, არის ეკლესიის მოსყიდვის პირდაპირი, ღია ფაქტი. ეკლესია კი მორჩილად, თანამონაწილეობს ამ უღმერთო ქმედებაში. ჩვენ ვხედავთ ათეულობით მილიონს, რომელიც გაბნეულია, ეს არის ფულის გათეთრება"- თქვა ლევან ტატურაშვილმა.
ჯამში საპატრიარქოს წელს, რეკორდული თანხა - 60 მილიონი ჩაერიცხება, ამას ემატება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილი დაფინანსება და მიწების საჩუქრად.
აღსანიშნავია, რომ საპატრიარქო, კონკორდატის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარითაც ისედაც ფინანსდება.
გუშინ გასაჯაროვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის N375-ე განკარგულება - 15 მარტით დათარიღებული ბრძანება, საიდანაც ირკვევა, რომ მთავრობა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებას 35 მილიონ ლარს მისცემს.
ცნობისთვის, 35 000 000-დან, რომელიც ბიუჯეტიდან გამოიყო 22 მილიონი ლარი საპატრიარქოს განათლებისა და კულტურის ღონისძიებების განვითარების ფონდს გადაერიცხება.