პირდაპირ გვითხრეს, თუ იქნებით იქ, სადაც არ გვინდა, რომ იყოთ, ცოცხლები ვერ მიხვალთ სახლში - ვატო წერეთელი
"ხელისუფლების გენერალური რეპეტიცია საარჩევნოდ"- ასე აფასებს "ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, პუტინისტური ჯგუფების დღეს განხორციელებულ ძალადობას.
ტელეკომპანიის მფლობელი ამბობს, რომ დღეს განხორციელებული ძალადობა ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი მესიჯი იყო:
რამდენიმე დღის წინ ჩვენი ჟურნალისტი, ნინი ელიკაშვილი, სცემეს, ამის კადრებიც არსებობს, თუმცა მოძალადე მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა. როგორც იცით, ჩვენ ჟურნალისტურ გამოძიებებს ვაწარმოებთ, იცით "ტრი-ტრის" ცნობილი სიუჟეტი, რომლის ეთერში გასვლის შემდეგ ბერა ივანიშვილის დაცვა პირდაპირ დაემუქრა ჩვენს საინფორმაციო სამსახურის უფროსს, თუმცა ამაზე არც არავინ დაკითხულა, საქმეც კი არ აღძრულა. დღეს პირდაპირ გვითხრა ხელისუფლებამ, თუ იქნებით იქ, სადაც არ გვინდა, იგივეს დაგმართებთ. არ უნდა ვიყოთ კრიტიკულები, არ უნდა ვიყოთ მწვავეები, არ უნდა ვაკეთოთ რეპორტაჟები, თუმცა ჩვენ კიდევ უფრო კრიტიკულები ვიქნებით"- თქვა ვატო წერეთელმა.