ერთ კვირაში ლარი ხუთი თეთრით გაუფასურდა - ვის ეკისრება ვალუტის კურსზე პასუხისმგებლობა?
ერთ კვირაში ლარი ხუთი თეთრით გაუფასურდა - ახლა კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი 2 ლარი და 76 თეთრი ღირს. სავალუტო ბაზარზე ლარის სწრაფი გაუფასურება, რა თქმა უნდა, მყისიერად აისახება ფასებზე და თითოეულ მოქალაქეზე.
ძვირდება საწვავიც და ძვირდება ის პროდუქტებიც, რომელსაც ხალხი ყოველ დღე ყიდულობს. რატომ უფასურდება ლარი - ეკონომისტები პასუხისმგებლობას ეროვნული ბანკს აკისრებენ.
დეპუტატ რომან გოცირიძის ინფორმაციით, ცენტრალურმა ბანკმა 150 მილიონ დოლარზე შეისყიდა და რეზერვები შეავსო, ეს ის რეზერვებია, რომელიც ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შემდეგ გაყიდეს.
სინამდვილეში უფასურდება ეროვნული ბანკის გამო, დავუშვათ, თუ 100 მილიონი იყიდა 300 მილიონ ლარს მიმოქცევაში უშვებს. ეს მახინჯი პრაქტიკა უნდა მორჩეს, ეროვნული ბანკი უნდა აცნობდეს ყველას სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს, ტენდენციებს, სწორ სიგნალს უნდა აძლევდეს ბიზნესს, მომხმარებლებს და არ უნდა იყოს ექსკლუზიური მფლობელი ინფორმაციისა. ინფორმაციის ექსკლუზიურობა, ინსაიდური ინფორმაციის ფლობა ამავე დროს დაკავშირებულია სხვადასხვა მანიპულაციასთან, არ ვამბობ, რომ ამას ეროვნული ბანკი აკეთებს - როცა ინფორმაცია გაქვს, შენ კორუფციულად შეიძლება გამოიყენო,“ - ამბობს რომან გოცირიძე.
არ არის გამორიცხული, რომ ეროვნული ბანკი თავის სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით ყიდულობდეს ბაზრიდან დოლარს, რითიც ხელს უშლის კიდევ უფრო გამყარებას ლარის. იმიტომ, რომ ის ბაზრიდან იღებს დოლარს, ის ყიდის ლარს და ყიდულობს დოლარს, რითიც აჩენს ხელოვნურ მოთხოვნას დოლარზე, თუმცა ამას ეროვნული ბანკი სისტემატურად აკეთებს,“ - ამბობს გიორგი კეპულაძე.
ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, ცდილობს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, ბაზრიდან ყიდულობს კვლავ დოლარს, რომლის მეშვეობითაც თავისთავად მოხდება ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში და გამოიწვევს კიდევ ერთხელ ინფლაციას, ვინაიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ არის პანაცეა ინფლაციის მოგვარების. ინფლაციის გადაჭრის გზა არის მსხვილი ინვესტიციის მოზიდვა - დოლარის, ვალუტის შემოტანა და არა ბაზრიდან დოლარის ყიდვა,“ - ამბობს ოთარ აბესაძე.