გამოვხატავთ შეშფოთებას ადიგენში მუსლიმ მრევლზე თავდასხმის გამო - რელიგიათა საბჭო

21.03.24 18:22
გამოვხატავთ შეშფოთებას ადიგენში მუსლიმ მრევლზე თავდასხმის გამო - რელიგიათა საბჭო

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, სადაც გამოთქმულია შეშფოთება მშვიდობიან მუსლიმ მრევლზე მართმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან გამოხატული შეურაცხყოფისა და მუქარის შესახებ.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გარდა კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშვებელია ხელის შეშლა შეკრებაში, ლოცვის, რიტუალებისა და რელიგიური სწავლების აღსრულებაში.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები გულისტკივილით გამოვხატავთ შეშფოთებას ადიგენში სალოცავად შეკრებილ მუსლიმ მრევლზე თავდასხმის, მათდამი შეუწყნარებლობისა და შეურაცხყოფის გამო.
საქართველოში დაცული უნდა იყოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპები: კონსტიტუციით გათვალისწინებული ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლების მიღმა, არავის უნდა შეეშალოს ხელი შეკრებაში, ლოცვის, რიტუალებისა და რელიგიური სწავლების აღსრულებაში.
ადიგენის მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიხილეთ მართლმადიდებელი სასულიერო პირები, რომლებიც შეურაცხმყოფელი ფორმით თავს ესხმოდნენ და ემუქრებოდნენ საკუთარ სახლში სალოცავად შეკრებილ მშვიდობიან მუსლიმებს.
ასევე ჩვენ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება თითქოს მოლაპარაკებას ცდილობს კერძო საკუთრებაში ლოცვისა და რელიგიური ხასიათის სწავლების დაშვება - დაუშვებლობის საკითხზე, რაც კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სახელმწიფოს მიერ იმთავითვე უნდა იყოს გარანტირებული. ეს საკითხი არ შეიძლება დადგეს კითხვის ქვეშ.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს, რათა დაცული იყოს კანონმდებლობით გარანტირებული რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ფორმა: კერძო საკუთრებაში ერთობლივი ლოცვისა და რელიგიური ხასიათის შეკრების გამართვის შესაძლებლობა.
ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ რელიგიურ გაერთიანებებს, სასულიერო პირებსა და სხვადასხვა აღმსარებლობის მრევლს შორის ურთიერთობები დაფუძნებული იქნება რელიგიის თავისუფლების პატივისცემაზე, რელიგიური ეთიკისა და ტოლერანტობის ტრადიციულ პრინციპებზე," - წერია განცხადებაში.

უკვე ერთ კვირაზე მეტია, მუსლიმები ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც მორწმუნეებს ალტერნატიული ფართი სახელდახელოდ მოწყობილი მეჩეთის სანაცვლოდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გადასცეს. სახლი, სადაც ყოველკვირეული ლოცვები ტარდებოდა, ახლა დაკეტილია და იქ რამდენიმე დღეა სალოცავად არავინ გამოჩენილა.

 

მსგავსი სიახლეები