"მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩვენი მუშაობის შედეგია" - გიორგი ვაშაძე EU-ს დოკუმენტზე

22.03.24 11:40
"მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩვენი მუშაობის შედეგია" - გიორგი ვაშაძე EU-ს დოკუმენტზე

ოპოზიცია საქართველოს მხარდაჭების შესახებ ევროპელი ლიდერების გამოქვეყნებულ დოკუმენტს საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება. საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რომლის გზაზეც ევროკავშირი საქართველოს გვერდში დგომას ჰპირდება.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე დოკუმენტის მნიშვნელობაზე და იმ სიკეთეებზე საუბრობს, რომელიც ჩვენს ქვეყენას ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ელოდება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, EU-ს ეს ნაბიჯი სწორედ ხელისუფლების ოპონენტების დამსახურებაა, ხოლო ივანიშვილის პარტია ევროინტეგრაციის ამ გზაზე მხოლოდ წინაღობაა.

გიორგი ვაშაძე ასევე ამბობს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი სწორედ მოახლოებული არჩევნებია, სადაც გამარჯვება პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა მოიპოვოს და ქვეყანა სწორ რელსებზე გადაიყვანოს. 

უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ევროპული პარტიების ოჯახი საკუთარ საარჩევნო დაპირებაში და სახელმძღვანელო დოკუმენტში პირდაპირ მიზნად ისახავს, რომ საქართველოს ხელი შეუწყოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად 2029 წლისთვის სრულად მზად იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის. ფაქტია, რომ ევროპის კარები ჩვენთვის ღიაა. ამ ყველაფერს ვინც დღეს ეწინააღმდეგება, არის ივანიშვილის პარტია, რომელიც მუდმივ პროვოკაციული ქმედებებით არის დაკავებული. 

ჩვენ გვინდა ევროკავშირი ძლიერი ეკონომიკისთვის, ევროპული ინვესტიციებისთვის, გვინდა ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისთვის, იგივე ფასების სტაბილიზაციისთვის, გლობალური, ამ დიდი ეკონომიკის ნაწილი რომ გავხდეთ და ის კეთილღეობა, რაც ევროპაშია, მოვიტანოთ საქართველოში. ამისთვის 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი. საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ხალხზე ზრუნავს და აჩქარებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თუ ხელისუფლება, რომელიც დღეს ჰყავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის პროცესის საწინააღმეგოდ. 

მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს. პოლიტიკური ნება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან დაფიქსირებულია. ეს არის ის მუშაობა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და სწორედ ამისთვის ვიყავით ბრიუსელში, სადაც პარალელურად, ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა სავაჭრო პალატებში, ეკონომიკურ დარგში, ევროკომისარის ოფისთან, სხვა მიმართულებით. ძალიან მნიშნელოვანი გამარჯვებაა და ვულოცავ კიდევ ერთხელ ყველას, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები