როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" მაჟორიტარების დანაკლისის შევსებას - ცვლილებები საარჩევნო კოდექსში
როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" მაჟორიტარების დანაკლისის შევსებას - იმ ფონზე, როცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული იქნება და მაჟორიტარების არჩევა აღარ მოხდება, მმართველმა პარტიამ გამოსავლის პოვნა სცადა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დააინიცირა.
კანონპროექტის თანახმად, პარტიას უფლება ექნება, რომ საარჩევნო ოლქებს კონკრეტული დეპუტატების სახელები დაუკავშიროს და "საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს პარლამენტის წევრობის კანდიდატი".
პარტიას უფლება აქვს, პარტიული სიის შედგენისას, საარჩევნო ოლქის
(ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად
განსაზღვროს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. პარლამენტის წევრობის
კანდიდატი შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის
ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად. ამ შემთხვევაში,
პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ
საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის იგი წარდგენილი.“ - წერია კანონპროექტში.
"ქართული ოცნების" დეპუტატი დავით მათიკაშვილი მაჟორიტარული წესით არჩევის გაუქმებას კრიტიკულად აფასებს და საარჩევნო კოდექსში ამ ცვლილებებს ხსნის იმით, რომ მოსახლეობის პოზიციას პარლამენტში კონკრეტული დეპუტატი წარადგენს.
მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქვს თავის ძალიან დიდი მინუსები. ის, რომ უშუალოდ რეგიონებიდან ჩვენი მოსახლეობის ელექტორატის კონკრეტული პრობლემების მიტანა საკანონმდებლო ორგანომდე გართულდება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით, ამიტომ არის კონკრეტული ვერსია საკანონმდებლო ცვლილებისა მოფიქრებული, რომელიც მეტნაკლებად დააბალანსებს ამ საკითხს.
40-პროცენტიანი საკითხი გამომდინარეობს იმ შარლ მიშელის შეთანხმებიდან, რომელიც დღეს ბუნებაში აღარ არსებობს. არანაირი საჭიროება იმის, რომ რაღაც მსგავსი ცენზებით ჩვენ დავაწესოთ და განვუსაზღვროთ ჩვენ საზოგადოებას მათ მიერ ხმის მიცემის ოდენობა,“ - ამბობს მათიკაშვილი.
დღესვე მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მაგალითად, სიტყვა "დელეგატი" კანონპროექტიდან ამოღებული იქნება.