როდის დაიწყებს ანტიკორუფციული ბიურო ღარიბაშვილის შემოსავლების შესწავლას?
როდის დაიწყებს ანტიკორუფციული ბიურო ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავლების შესწავლას? - არასამათვრობო სექტორი და უფლებამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ საქმე სავარაუდო თანხების გადამალვასთან გვაქვს, რადგან ისევ გაურკეველია, საიდან აქვს გადაყენებული პრემიერის პენსიონერ მამას დიდი ფული.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი პასუხისმგებლობას ანტიკორუფციულ ბიუროს აკისრებს და მისგან ითხოვს, დეტალურად შეისწავლონ ყოფილი პრემიერის და მისი მამის შემოსავლები.
იმ პირობებშიც კი, როდესაც მაშველ რგოლად არის მოყვანილი მამის მიერ ნაჩუქარი თანხა, ძალიან შეუსაბამოდ ჩანს ის თანხა, რაც რომელიც დარჩენილი აქვს მთელს ოჯახს საცხოვრებლად, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი ცხოვრების წესი ისეთია, რომ ერთ წასვლაში შეიძლება გადაიხადონ 20 ათასი დოლარი და თან გამოდის, რომ ეს 20 ათასი დოლარი იმაზე მეტია, რასაც მთელი წელი მთელი ოჯახი მოიხმარს საცხოვრებლად. ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის აქ, რომელზეც პასუხი უნდა გაგვცეს ანტიკორუფციულმა ბიურომ. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ დეტალურად შეისწავლონ ყველა შემოსავალი, ყველა ხარჯი, მათ შორის ის, ღარიბაშვილის მამა როგორ ახერხებს, რომ წელიწადში 250 ათასზე მეტი აჩუქოს შვილს. ძალიან დეტალური შესწავლა უნდა ჩატარდეს ამ ყველაფრის და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ანტიკორუფციულ ბიუროს ეკისრება", - ამბობს გიორგი ონიანი.
რა წერია 23 მარტს შევსებულ განახლებულ დეკლარაციაში?
- 2023 წელსაც, წინა წლების მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს;
- ყოფილი პრემიერის ხელფასი გასულ წელს 45,1 ათასი ლარი იყო (14 ათასი ლარით მეტი, ვიდრე 2022 წელს).
- ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2024 წლის 23 მარტამდე მან დანაზოგი 40-დან 50 ათას ლარამდე გაეზარდა.
მდიდრული ოჯახური წვეულება
დოკუმენტის მიხედვით, წვეულების ორგანიზება პრემიერის ოჯახს 15 000 ლარი დაუჯდა
ირკვევა ისიც, რომ ცოლისთვის საჩუქარად გადაცემულ ტყის სარგებლობისთვის ღარიბაშვილმა 6255 ლარი დახრაჯა.
ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განახლებული დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილის შვილის აშშ-ში გადაფრენა 109 000 ლარი დაჯდა.
- „ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე – 94 500 ლარი; მეორე ეტაპზე – 15 000 ლარი” - წერია თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციაში.
დოკუმენტების მიხედვით, ოჯახის მოგზაურობისთვის ასევე დაიხარჯა 20000 USD.
ექსპრემიერი ამტკიცებს, რომ პენსიონერმა მამამ ირაკლი ღარიბაშვილს 2023 წელს 150 000 ლარი აჩუქა.
სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება შვილის აშშ-ში ჩარტერული რეისით წაიყვანასთან დაკავშირებით "შაბათის ეთერმა" ჩაატარა.
„საქართველოს ავიახაზების” ხელმძღვანელს, თამაზ გაიაშვილს „ტვ პირველთან” იმის აღიარებაც მოუწია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ფრენისთვის სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა.
საბოლოოდ, ფაქტებით დადასტურდა, რომ მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა უფროსი შვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად მიუნხენში ჩაიყვანა, აშშ-ში კი სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.