ღარიბაშვილმა უფროსი ვაჟი ოჯახის წევრების სიიდან ამოიღო - რა ჩაწერა და რა დამალა ყოფილმა პრემიერმა დეკლარაციაში
ირაკლი ღარიბაშვილმა უფროსი ვაჟი ოჯახის წევრების სიიდან ამოიღო და დეკლარაციაში არ ჩაწერა. არადა კანონის თანახმად, ნებისმიერი თანამდებობის პირი ვალდებულია, დეკლარაციაში მიუთითოს ყველა ოჯახის წევრი სრულწლოვანების მიუხედავად, ვისთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს.
ამ ნაბიჯმა გადაყენებულ პრემიერს, სავარაუდოდ, მისცა საშუალება აღარ თქვას, რა უჯდება შვილის ამერიკაში სწავლა, ცხოვრება და საიდან აფინანსებს ამ ყველაფერს.
არადა საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციით, ღარიბაშვილის უფროსი ვაჟი მინიმუმ 2023 წლის ივნისამდე თბილისში პრემიერთან ერთად ცხოვრობდა და სავარაუდოდ, ამერიკულ უნივერსიტეტში ჩარიცხვის თანხაც ამ დროს არის გადახდილი. ამიტომ ყოფილი პრემიერის ვალდებულება იყო ეს ხარჯები დეკლარაციაში ჩაეწერა, თუმცა გამოსავალი იპოვა, სამაგიეროდ გადაყენებული პრემიერის დეკლარაცაიში წერია, რომ 15 ათასი ცოლის დაბადების დღის წვეულებაში გადაიხადა, 170 ათასი ლარი კი ამერიკაში მოგზურობა დაუჯდა, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ მამის ნაჩუქრი ფულით გააკეთა.ეს საბუთებში ჩანს.
რა წერია 23 მარტს შევსებულ განახლებულ დეკლარაციაში?
- 2023 წელსაც, წინა წლების მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს;
- ყოფილი პრემიერის ხელფასი გასულ წელს 45,1 ათასი ლარი იყო (14 ათასი ლარით მეტი, ვიდრე 2022 წელს).
- ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2024 წლის 23 მარტამდე მან დანაზოგი 40-დან 50 ათას ლარამდე გაეზარდა.
მდიდრული ოჯახური წვეულება
დოკუმენტის მიხედვით, წვეულების ორგანიზება პრემიერის ოჯახს 15 000 ლარი დაუჯდა
ირკვევა ისიც, რომ ცოლისთვის საჩუქარად გადაცემულ ტყის სარგებლობისთვის ღარიბაშვილმა 6255 ლარი დახრაჯა.
ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განახლებული დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილის შვილის აშშ-ში გადაფრენა 109 000 ლარი დაჯდა.
- „ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე – 94 500 ლარი; მეორე ეტაპზე – 15 000 ლარი” - წერია თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციაში.
დოკუმენტების მიხედვით, ოჯახის მოგზაურობისთვის ასევე დაიხარჯა 20000 USD.
ექსპრემიერი ამტკიცებს, რომ პენსიონერმა მამამ ირაკლი ღარიბაშვილს 2023 წელს 150 000 ლარი აჩუქა.
სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება შვილის აშშ-ში ჩარტერული რეისით წაიყვანასთან დაკავშირებით "შაბათის ეთერმა" ჩაატარა.
„საქართველოს ავიახაზების” ხელმძღვანელს, თამაზ გაიაშვილს „ტვ პირველთან” იმის აღიარებაც მოუწია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ფრენისთვის სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა.
საბოლოოდ, ფაქტებით დადასტურდა, რომ მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა უფროსი შვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად მიუნხენში ჩაიყვანა, აშშ-ში კი სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.