EU-ის საელჩო ქართულ მართლმსაჯულებაზე ყალბი თავდასხმისინსტრუმენტი იყო - "ოცნება" პარტნიორებს და NGO-ებს თავს ესხმის
პარლამენტის თავმჯდომარე თავს ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის ესხმის - შალვა პაპუაშვილი წყობიდან დიპლომატის იმ განცხადებამ გამოიყვანა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ხარისხის შემოწმების საჭიროება დგას.
შალვა პაპუაშვილმა დღეს ევროკავშირის საელჩო საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოსამართლეებზე „ორკესტრირებულ თავდასხმაში” ღიად დაადანაშაულა.
გუშინ მოქმედი ელჩის განცხადება “ვეტინგთან” დაკავშირებით გამიკვირდა... მოველოდი, რომ ის მწუხარებას მაინც გამოთქვამდა, რომ ევროკავშირის საელჩო იყო ინსტრუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაზე ყალბი თავდასხმისა. ფაქტობრივად, 2 წელია, ასეთი განცხადებების გამო ქართული მართლმსაჯულება და კონკრეტული მოსამართლეები თავდასხმის ობიექტი არიან.
გუშინ, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირის მოქმედი ელჩისგან მწუხარება მოგვესმინა, რომ თავის დროზე ყოფილი ელჩის განცხადებამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, კონკრეტული მოსამართლეების მიმართ უსამართლო იყო, არ ეყრდნობოდა ფაქტებს და იყო მადისკრედიტირებელი ქართული მართლმსაჯულების მიმართ, ვისმენთ, რომ თურმე საჭიროა ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების [შემოწმება]. თუ კი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის ჩვენი „ენჯეო“ სექტორი”. - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
- "სანამ ვინმე სიტყვა „ვეტინგს“ ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს, სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში აყენებდნენ მორალური და დეზინფორმაციული წნეხის ქვეშ" - ამბობდა დღეს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე.
პარლამენტის თავმჯდომარის სამიზნე დღეს ყოფილ სახალხო დამცველიც გახდა.
მისივე მტკიცებით, ქვეყანაში თუ კი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის არასამთავრობო სექტორი და ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.
თუ კი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის ჩვენი „ენჯეო“ სექტორი... მათი "ტროიკების" განცხადებები გაიხსნეთ. როდესაც ამ საკითხებზე ამხანაგურ სასამართლოებს აწყობდნენ და გამოიტანეს განაჩენი, გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამია არა თუ მართალია ამ საქმეში, თურმე დანაშაულიც კი არ არსებობდა. თუ კი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის ყოფილი სახალხო დამცველი. რომელმაც სასამართლოსაც კი მიმართა თავისი დასკვნით და ამბობდა, რომ აქ არა თუ მართალია ნიკა გვარამია, დანაშაულიც კი არ არსებობს. ამ ყოფილმა სახალხო დამცველმა ამერიკის შეერთებული შტატების მედალი მიიღო, საფრანგეთის მედალი მიიღო და არის "ტაშდაკრული" ყოფილი სახალხო დამცველი. მისი ყოფილი მოადგილე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მუშაობს, ის, ვინც ზუსტად ეს ყალბი დასკვნა შეადგინა მაშინ"- თქვა მან.