"ამის მორალური უფლება არ აქვს" - პრემიერი პრეზიდენტს არჩევნებზე საუბარს უკრძალავს
სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება ცესკოს თავმჯდომარეს ხვდებოდეს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
მეტიც, ქვეყნის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტს არჩევნებზე საუბარს საერთოდ უკრძალავს და აცხადებს, რომ მას ამის უფლება არ აქვს.
„სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს. თქვენ გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, იმიტომ, რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა. შესაბამისად, ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, ხვდებოდეს კალანდარიშვილს და მეორე, მას საერთოდ არ აქვს მორალური უფლება საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ ის პირდაპირ თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს სალომე ზურაბიშვილი და ეს სპეკულაციებიც, რომელსაც ის შეუერთდა ამ ემიგრაციასთან დაკავშირებით, არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სპეკულაციური კამპანია. ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანი და თვითმიზანი არის, რომ ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს, რასაც ის ვერ მიაღწევს“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსნებთ, რომ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ცესკოს თავმჯომარედ საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო სასახლეში საარჩევნო კომისიის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად დაიბარა.
შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა და ცესკოს და საგარეოს მიმართა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე საგარეოს ელჩებთან არ უსაუბრია.