საარჩევნო უბნები ემიგრანტებს - რას ამბობს ცესკოს თავმჯდომარე
საარჩევნო უბნები ემიგრანტებს - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი "პოლიტიკური ამბების" ეთერში განმარტავს იმ კონკრეტულ ეტაპებს, რომლის გავლაც უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნისთვის არის საჭირო.
კალანდარიშვილის თქმით, აუცილებელია, რომ საკონსულო აღრიცხვაზე მინიმუმ 50, ხოლო მაქსიმუმ 3 000 ადამიანი დარეგისტრირდეს, რომელთა საფუძველზეც კონკრეტული ქვეყნების დიპლომატიურ ინსტიტუტებში საარჩევნო უბნები გაიხსნება.
უცხოეთში საარჩევნო უბნები დგება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეიცავს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა შესახებ ინფორმაციას და ეს რაოდენობა თუ ჯდება არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000-ის ფარგლებში, ეს ჩვენი ინსტიტუციისთვის ხდება საფუძველი, რომ კონკრეტულ ქვეყნებში, კონკრეტულ ლოკაციებზე, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეიქმნას საარჩევნო უბნები.
მეორე შემთხვევაში, ამომრჩეველი თუ არ არის საკონსულო აღრიცხვაზე, მას აქვს შესაძლებლობა, საარჩევნო უბნების შექმნის შემდგომ მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და დარეგისტრირდეს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა იცოდნენ, ამ პერიოდში მათ აქვთ საკონსულო აღრიცხვაზე გავლის შესაძლებლობა და ამ პროცედურების შესახებ კომპეტენტურ ორგანოს უნდა მიმართონ, თუ როგორ ხორციელდება და რა ვადებით, ხოლო მეორე საკითხი არის ის, რომ როდესაც საარჩევნო უბნები შეიქმნება და ეს დაახლოებით კენჭისყრის დღემდე 1 თვით ადრე განხორციელდება, შემდგომ უკვე ამ კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე ჰქონდეთ არასაკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირებს რეგისტრაციის მოთხოვნის შესაძლებლობა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა", - ამბობს კალანდარიშვილი.
ცნობისთვის, 29 მარტს, ორბელიანების სასახლეში, სალომე ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარეს საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ შეხვდა. მხარეებმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრეს, რა დროსაც პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ საჭიროა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნას.