შალვა პაპუაშვილის პირველი კომენტარი მოსამართლეების სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე
მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. „ვეტინგის“ საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც, კიდევ უფრო, მიმყარებს, ბოლო პერიოდში, ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მოსამართლეების სკანდალურ აუდიოჩანაწერს სოციალურ ქსელში ეხმაურება და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის მიმართ პატივისცემას გამოხატავს, თუმცა შალვა პაპუაშვილი არაფერს ამბობს შალვა თადუმაძის აუდიოჩანაწერზე, რომელმაც ფაქტობრივად ფაქტობრივად თქვა, რომ მათი დაცვა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.
პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეწყდეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს დაზიანებაა.
„მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. “ვეტინგის" საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც, კიდევ უფრო, მიმყარებს, ბოლო პერიოდში, ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს. კიდევ ერთხელ, მინდა, პატივისცემა დავუდასტურო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე რამდენიმე ენჯეოს წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მოსამართლეების მიმართ მტრულ რიტორიკასა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა. საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეწყდეს ეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს დაზიანებაა”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
სასამართლო სისტემასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას შორის ახალმა სკანდალმა იფეთქა - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე დარწმუნებულია, რომ სასამართლო კლანის ბოსები საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის გამო დაასანქცირეს.
შალვა თადუმაძის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებების ჩანაწერი "ნეტგაზეთმა" გაავრცელა. შალვა თადუმაძე პირდაპირ ახსენებს ფრაზებს საქართველოს ხელისუფლებაში არსებული კორუმპირებული პირების შესახებ და სხვა მოსამართლეებს ეკითხება, თუ რატომ არ დაასანქცირეს ისინი.
"ნეტგაზეთმა" კიდევ ერთი აუდიო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ თუ ვინმე მის შემოწმებას გადაწყვეტს, მზად არის მოსამართლის მანტია გაიხადოს.
შალვა თადუმაძემ სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ პირველი კომენტარი "პირველებთან" გააკეთა.