"გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ ამის მიღწევა აუცილებელია სწორი გზებით" - რას ამბობს ომბუდსმენი "ოცნების" რუსულ კანონზე
რა პოზიცია აქვს საქართველოს სახალხო დამცველს "ქართული ოცნების" რუსულ კანონთან დაკავშირებით - ლევან იოსელიანი "პოლიტიკური ამბების" ეთერში ამბობს, რომ "გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, ოღონდ სწორი გზებით უნდა მიიღწეს".
როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძესთან სტუმრობისას განაცხადა, "გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა შესაძლებელია ქვეყანაში არსებული გრანტის კანონზე მუხლის დამატებით".
ამასთან სახალხო დამცველის სიტყვებით, "თუ კანონი წინააღმდეგობაში მოდის სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულებასთან და ევროატლანტიკურ გზასთან, საკითხი უნდა იქნას გადახედილი".
კანონის მიზანი, რაც გულისხმობს გამჭვირვალობას, ლეგიტიმურია, მაგრამ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა აუცილებელია სწორი გზებით მოხდეს. მე ამაზე შარშან პარლამენტში ვსაუბრობდი, სადაც ვამბობდი, რომ ის, თუ ვინმეს აინტერესებს, ვინ არის კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი, ამისთვის გვაქვს გრანტის კანონი, რომელსაც შესაძლებელია, რომ დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას. თუ ეს მიზანი პოლიტიკური დღის წესრიგით არის დატვირთული და ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულებასთან და მათ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებთან ევროინტეგრაციის გზაზე, საკითხი უნდა იქნას გადახედილი. ეს პოზიცია მქონდა მაშინაც და მაქვს დღესაც", - ამბობს იოსელიანი.
ჟურნალისტის კიდევ ერთ შეკითხვაზე, არის თუ არა გამჭვირვალობის პრობლემა არასამთავრობო ორგანიზაციებში, სახალხო დამცველის პასუხი ასეთია:
"მე არ ვიცი, ბევრი ამბები არის, რომელიღაც პარტიას რაღაც ერიცხება, თუ არ ერიცხება... ყოველ შემთხვევაში, ეს კითხვის ნიშნებიც რომ არ არსებობდეს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია ყველაფრის შესახებ", - განაცხადა იოსელიანმა.
სახალხო დამცველის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კანონი საბოლოო რედაქციით საქართველოს კონსტიტუციასთან მოვა წინააღმდეგობაში, ომბუდსმენის აპარატი კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამასთან, იოსელიანმა "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ გასულ წელს რუსული კანონი „იარლიყების მიმკერებელი“ იყო, რაც ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელია.
როდის დააინიიცირა "ქართულმა ოცნებამ" ხელახლა რუსული კანონი?
სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსული კანონის მიღებას აპირებს. "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.
საქართველოს მთავრობის ქმედებები დასავლეთის დღის წესრიგის მთავარ ამბადაც იქცა. "ოცნებას" წითელი ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციიდან უკვე მესამედ უჩვენეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობას აფრთხილებს - ან იქნება კანონი, ან საქართველოს ექნება ევროპული მომავალი.
"ოცნების" ხელისუფლების შეჩერებას და რუსულ კანონზე უარის თქმას ცდილობს ევროპაც. 12 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომლის ადრესატი ხელისუფლებაა. "ეს არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა და მათი მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი." - წერია დოკუმენტში.