ან ეს კანონი და ეს მთავრობა ამ კანონით, ან ევროპული კავშირი, სხვა საშუალო არჩევანი არ არსებობს - გეგელია
ან ეს კანონი და ეს მთავრობა ამ კანონით, ან ევროპული კავშირი, სხვა საშუალო არჩევანი არ არსებობს - "ლელო საქართველოსთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ "ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონი ძირს უთხრის ქვეყნის რეპუტაციას.
გეგელიას თქმით, რუსული კანონის მიღებით მმართველი ხელისუფლება ადასტურებს, რომ საქართველო მიემართება სრული კურსით რუსეთისკენ და არა დასავლეთისკენ.
რუსული კანონის მიღება სერიოზულ დარტყმას აყენებს საქართველოს რეპუტაციას, როგორც საერთაშორისო სანდო პარტნიორისა და აცემენტებს იმ ხედვას, რომ საქართველო მიემართება სრული კურსით რუსეთისკენ და არა დასავლეთისკენ. საქართველო აუქმებს იმ ძირითად თავისუფლებებს და ღირებულებას, რასაც ემყარება ის პოლიტიკური გაერთიანება, სადაც ერთი შეხედვით, საქართველოს სურს შესვლა. ჩვენ მოგვიწევს მარტივი არჩევანის გაკეთება. ან ეს კანონი და ეს მთავრობა ამ კანონით, ან ევროპული კავშირი, სხვა საშუალო არჩევანი არ არსებობს", - ამბობს გეგელია.
პარლამენტში რუსული კანონის ერთ-ერთი წარმდგენი ბაქოს საბჭოთა უმაღლესი პარტიული სკოლის კურსდამთავრებული, რიმა ბერაძე იქნება.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ საკანონმდებლო ორგანოში ორშაბათს, 12:00 საათზე დაგეგმილია რუსული კანონის პრეზენტაცია, რომელზეც რამდენიმე ორგანიზაციაა მიწვეული.
წყარომ "ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახურს მიაწოდა მოსაწვევის ასლი, სადაც ვკითხულობთ, რომ მოწვეულ სტუმრებს კანონპროექტს დეპუტატები რიმა ბერაძე, გივი მიქანაძე და რატი იონათამიშვილი წარუდგენენ. შეხვედრა 90 წუთს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ბიუროს სხდომაზე რუსული კანონის ინიციირებას საპარლამენტო განხილვებისთვის ორშაბათს, 8 აპრილს გეგმავს.
რატომ არის აუცილებელი რუსული კანონის მიღება? - დეპუტატების ამ კითხვებს რიმა ბერაძემ და რატი იონათამიშვილმა უნდა უპასუხონ.
მოსაწვევი, რუსული კანონის განხილვაზე, განათლების საპარლამენტო კომიტეტის სახელით, თავმჯდომარის თანაშემწემ, ანატოლი კორეპონოვმა გააგზავნა.
სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსული კანონის მიღებას აპირებს. "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.
საქართველოს მთავრობის ქმედებები დასავლეთის დღის წესრიგის მთავარ ამბადაც იქცა. "ოცნებას" წითელი ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციიდან უკვე მესამედ უჩვენეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობას აფრთხილებს - ან იქნება კანონი, ან საქართველოს ექნება ევროპული მომავალი.