"ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ" - მდინარაძეს არ მოსწონს, რომ რუსულ კანონს რუსულს ეძახიან

06.04.24 13:04
"ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ" - მდინარაძეს არ მოსწონს, რომ რუსულ კანონს რუსულს ეძახიან

"ხელს ნუ გვიშლით, თითებს ნუ გვიქნევთ" - ქართული ოცნების ლიდერები, საერთაშორისო წნეხში მოქცევამ წყობიდან გამოიყვანა. რუსული კანონის მომხრე მამუკა მდინარაძეს არ მოსწონს, როდესაც რუსულ კანონს რუსულს ეძახიან. მამუკა მდინარაძე, რომელმაც საკუთარი სიტყვა ერთ წელიწადში გატეხა, ჯიუტად ამტკიცებს, რომ  პირობა თავად კი არა, არამედ მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დაარღვიეს. იერიშზე გადასული მდინარაძე კრიტიკოსებს არგუმენტებს უწუნებს. 

როდესაც ერთი არგუმენტი არ არის, რატომ არ უნდა შეავსოს დეკლარაცია ენჯეოორგანიზაციამ, მედიაორგანიზაციამ ყოველი წლის იანვარში წინა წელთან დაკავშირებით, რატომ არის ასეთი. ყველას ვთხოვთ, მეგობრებს განსაკუთრებით, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რაღაცაზე, რასაც თავისთან არეგისტრირებენ. საქართველოში ნუ მისცემენ ექსტრემისტებს იმის საშუალებას, რომ რუსული დაუძახონ იმას, რაც მოქმედებს აშშ-ში, ისრაელში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, რაც ინიცირებულია ევროკავშირში ცოტა მკაცრი რეგულაციებითაც კი, ვიდრე ჩვენს პროექტშია წარმოდგენილი. ჩვენ ვართ ამაყი, თავმოყვარე ერი და ასეთ მიდგომას არ ვიმსახურებთ არავისგან.

ფოტო ვნახე "სირცხვილიას" განცხადების და მართლა სირცხვილია. რა დოზით ატყუებენ საზოგადოებას და ახალგაზრდებს. ისინი ამბობენ, რომ თურმე 14 ქვეყანას შეუძლია, კანდიდატის სტატუსი ჩამოგვართვან. მსგავსი პროცედურა არ არსებობს. ჩვენს მომავალ მთავრობას რა აკადრეს და წელსაც რას აკადრებენ, რომ აგერ პროცედურა იწყება, პრაქტიკულად, ეს უწერია სირცხვილიას", - ამბობს მდინარაძე.

სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსული კანონის მიღებას აპირებს. "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

საქართველოს მთავრობის ქმედებები დასავლეთის დღის წესრიგის მთავარ ამბადაც იქცა. "ოცნებას" წითელი ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციიდან უკვე მესამედ უჩვენეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობას აფრთხილებს - ან იქნება კანონი, ან საქართველოს ექნება ევროპული მომავალი.

"ოცნების" ხელისუფლების შეჩერებას და რუსულ კანონზე უარის თქმას ცდილობს ევროპაც. 12 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომლის ადრესატი ხელისუფლებაა. "ეს არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა და მათი მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი." - წერია დოკუმენტში.

 

მსგავსი სიახლეები