"ოცნება" ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მიღებით სტატუსს არ ჩამოგვართმევენ
"ოცნება" ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მჯიღებით სტატუსს არ ჩამოგვართმევენ - მმართველი გუნდის წევრები ერთი-მეორის მიყოლებით დგებიან ტრიბუნებთან და ამბობენ, რომ რუსული კანონი, რუსული არ არის.
არ არსებობს საერთოდ მექანიზმი იმისა, რომ როდესაც გაქვთ სტატუსი, ეს სტატუსი ჩამოგერთვათ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც სტატუსი დაიკარგება და საქართველო დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შემდეგ, კვლავ იქნება ლიდერი სახელმწიფო , მათ შორის, მოლაპარაკებების, თუ ევროკავშირთან ფაქტობრივი დაახლოების კუთხით. მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ ენჯეო სექტორი დაეწევა სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარების იმ მინიმალური სტანდარტით, რასაც გამჭვირვალობა ჰქვია. ძალიან კარგი იქნება, თუ იგივე პარლამენტარები დაინტერესდებიან არა სათაურით, ჰაილაინით და კლიშეებით, არამედ ჩაიხედავენ კანონში, დაგველაპარაკებიან ამ კანონის ავტორებს და მსჯელობა იქნება საგნობრივი და არა ლოზუნგური. აი ეს არის", - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსული კანონის მიღებას აპირებს. "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.
საქართველოს მთავრობის ქმედებები დასავლეთის დღის წესრიგის მთავარ ამბადაც იქცა. "ოცნებას" წითელი ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციიდან უკვე მესამედ უჩვენეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობას აფრთხილებს - ან იქნება კანონი, ან საქართველოს ექნება ევროპული მომავალი.
"ოცნების" ხელისუფლების შეჩერებას და რუსულ კანონზე უარის თქმას ცდილობს ევროპაც. 12 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომლის ადრესატი ხელისუფლებაა. "ეს არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა და მათი მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი." - წერია დოკუმენტში.