კობახიძე: "ფეისბუქში" ცენზურას ახორციელებენ ჩვენს ოპონენტებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობოები
Facebook-ზე "ოცნების" წევრებისა და მხარდამჭერების მიერ რუსული კანონის პროპაგანდისტული ინფორმაციის გაზიარებას და შემდეგ Facebook-ის მიერ ყალბ ინფორმაციად მონიშვნას პრემიერი ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.
კობახიძე კვლავ ოპონენტებს და მესამე სექტორს ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელში ცენზურას ახორციელებენ ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. პრემიერი თავს ამჯერად "ფაქტჩეკსა" და "მითების დეტექტორს" ესხმის.
ზოგადად ვიტყვი, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა. ვერავინ ვერ ასაბუთებს, ამას აკვირდებით, აკვირდებით დებატებს, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. [...] გაირკვა, რომ "ფეისბუქში" სოციალურ მედიაში ცენზურას ახორციელებენ ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის "ფაქტჩეკი" და "მითების დეტექტორი" ანუ გვარებით რომ ვთქვათ, სერგი კაპანაძე, თამარ კინწურაშვილი, ყველამ იცით ეს სახელები და გვარები. ეს ადამიანები, თავის დროზე როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ხელისუფლებასთან პირდაპირ აფილირებული თავად აწარმოებდნენ ცენზურას მედიასაშუალებებში, დღეს ამის საშუალება მათ აღარ აქვთ, ამ მასშტაბით, თუმცა სადაც შეუძლიათ იქ აწარმოებენ ამ ცენზურას, ეს არის სოციალური მედია რაც გაირკვა ამ დღეების განმავლობაში", - თქვა კობახიძემ.
სამი დღის წინ "ოცნების" პროპაგანდა "Facebook"-მა ყალბ ინფორმაციად მონიშნა. "ქართული ოცნების" ლიდერების და დეპუტატების მიერ გაზიარებულ საინფორმაციო ბარათებს ახლა აქვთ წარწერა, რომეს არის ყალბი ინფორმაცია.