"ოცნების" პროპაგანდა "Facebook"-მა ყალბ ინფორმაციად მონიშნა

05.04.24 20:39
"ოცნების" პროპაგანდა "Facebook"-მა ყალბ ინფორმაციად მონიშნა

სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" გავრცელებული ინფორმაცია, რუსულ კანონთან დაკავშირებით, "ფეისბუქის" მფლობელმა კომპანია "მეტამ" ყალბ ინფორმაციად მონიშნა - "ქართული ოცნების" ლიდერების და დეპუტატების მიერ გაზიარებულ საინფორმაციო ბარათებს ახლა აქვთ წარწერა, რომ ეს არის ყალბი ინფორმაცია.

კამპანია, რომ თითქოს, რუსული კანონის მიღების მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, "ქართულმა ოცნებამ" სოციალურ ქსელში ბოლო ორი დღეა დაიწყო.

ამ შინაარსის საინფორმაციო ბარათის გაზიარებას დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის გვერდიდან სთხოვდნენ საჯარო მოხელეებსაც, თუმცა ახლა ასობით გვერდზე გაზიარებული ეს ყალბი ინფორმაცია რუსული კანონის შესახებ დაჰაიდებულია.

სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსული კანონის მიღებას აპირებს. "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

საქართველოს მთავრობის ქმედებები დასავლეთის დღის წესრიგის მთავარ ამბადაც იქცა. "ოცნებას" წითელი ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციიდან უკვე მესამედ უჩვენეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობას აფრთხილებს - ან იქნება კანონი, ან საქართველოს ექნება ევროპული მომავალი.

"ოცნების" ხელისუფლების შეჩერებას და რუსულ კანონზე უარის თქმას ცდილობს ევროპაც. 12 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომლის ადრესატი ხელისუფლებაა. "ეს არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა და მათი მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი." - წერია დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები