9 აპრილს, 18:00 საათზე, თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ მარში გაიმართება
ხვალ, 9 აპრილს, 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება.
"შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის!
ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!
ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!
კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - წერენ აქციის ორგანიზატორები.
სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსული კანონის მიღებას აპირებს. "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.
საქართველოს მთავრობის ქმედებები დასავლეთის დღის წესრიგის მთავარ ამბადაც იქცა. "ოცნებას" წითელი ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციიდან უკვე მესამედ უჩვენეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობას აფრთხილებს - ან იქნება კანონი, ან საქართველოს ექნება ევროპული მომავალი.