კარგად გაიხსენონ, ვინ რა გამაზა და ვინ ავტოგოლი გაიტანა - ბუაძე
"ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე თბილისის მერს იტალიის ნაკრებთან თამაშის დროს გატანილ ორ ავტოგოლს ახსენებს და "ოცნებას" მიმართავს, რომ "კარგად გაიხსენონ, თუ ვინ რა გამაზა და ვინ ავტოგოლი გაიტანა".
ბუაძე "დღის ამბების" ეთერში კალაძეს "ფუნდამენტურ ნაცად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ სწორედ თბილისის მერი იყო ის ადამიანი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის ამბის შემდეგ საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.
ვინ რა გამაზა და ვინ ავტოგოლი გაიტანა კარგად გაიხსენონ, რადგან საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. ასევე ძალიან კარგად ახსოვს, ვინ იჯდა მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბში, დღეს რომ სხვებისკენ იშვერს ხელს "ნაცია-ნაციაო". ეს იყო კალაძე, რომელიც სააკაშვილის ფანკლუბში იყო. 7 ნოემბრის შემდეგ, მოსახლეობას სააკაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა, ამიტომ თუ ვინმე არის ფუნდამენტურად ნაცი, ჯერ კიდევ უძველესი დღეებიდან, ეს არის თავად კალაძე. თუმცა ეს არის ძალიან გასაგები, პანიკური, უღირსი პასუხი საზოგადოების ძალიან ჯანსაღ პოზიციაზე და ჯანსაღ თვითორგანიზაციაზე, რომელიც რუსული კანონის და ევროპული არჩევანის დასაცავად ხდება ახლა", - ამბობს ბუაძე.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული სპორტსმენის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა "ნაცად" გამოაცხადა და გახარიას გუნდის წევრად შერაცხა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე თვლის, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა პენალტი კი გაიტანა, მაგრამ პოლიტიკაში "გამაზა".