პირველი ოფიციალური ვიზიტი რუსული კანონის შემობრუნების შემდეგ - პრემიერი გერმანიაში გაემგზავრა
პირველი ოფიციალური ვიზიტი რუსული კანონის შემობრუნების შემდეგ - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძეს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უმასპინძლებს.
სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძეს შოლცთან მოუწევს საუბარი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, ხელმეორედ დაიწყოს პარლამენტში მსჯელობა რუსულ კანონზე.
"დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ის, რომ გერმანიაში რუსული კანონის მეორე ჯერზე ინიცირებას კრიტიკული შეფასება მოჰყვა, ეს ჩანს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მიერ Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში. სებასტიან ფიშერი ამბობს, რომ პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
გარდა ფიშერის განცხადებისა, გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილე, კრისტიანე ჰოფმანი მიანიშნებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება რეფორმების შესრულებას არ განაგრძოობს და არ იტყვის უარს სადავო კანონზე, შესაძლოა ქვეყანა ევროკავშირის წევრი კიდევ დიდხანს ვერ გახდეს.