ირაკლი კობახიძე გერმანიაშია და შოლცს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა.
ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
არ არის გამორიცხული, რომ ირაკლი კობახიძეს შოლცთან რუსულ კანონთან დაკავშირებით მოუწიოს საუბარი.
ის, რომ გერმანიაში რუსული კანონის მეორე ჯერზე ინიცირებას კრიტიკული შეფასება მოჰყვა, ეს ჩანს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მიერ Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში. სებასტიან ფიშერი ამბობს, რომ პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
გარდა ფიშერის განცხადებისა, გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილე, კრისტიანე ჰოფმანი მიანიშნებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება რეფორმების შესრულებას არ განაგრძოობს და არ იტყვის უარს სადავო კანონზე, შესაძლოა ქვეყანა ევროკავშირის წევრი კიდევ დიდხანს ვერ გახდეს.