"თარჯიმანი თარგმანში იკარგება", "შოლცი არის სოციალისტი“ - რა შეფასებები მოჰყვა შოლცის გზავნილებს "ოცნებაში"
"არ არსებობს არგუმენტირებული პოზიცია, თუ რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა საფრთხის შემცველი", - ამ განცხადებას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი შოლცის მკაცრი გზავნილების საპასუხოდ აკეთებს.
მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცი პირდაპირ ამბობდა, რომ ის კანონი, რომლის მიღებასაც "ოცნება" გეგმავს, არ არსებობს ევროკავშირში, მაკა ბოჭორიშვილი კვლავ არგუმენტების ნაკლებობას უჩივის.
"პირველები" დაინტერესდა, კრიტიკული შეფასებების შემდეგ, რას ფიქრობენ მმართველ გუნდში - "არის თუ არა ოლაფ შოლცი ნაცი?" - ამ კითხვაზე მაკა ბოჭორიშვილი პასუხობს, რომ „ოლაფ შოლცი არის სოციალისტი“.
გარდა ამისა, ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ შოლცს "ოცნების" კანონი აგენტების კანონად არ მოუხსენიებია და ამ სიტყვის გამოყენებას თარჯიმანს აბრალებს.
არ არსებობს არგუმენტირებული პოზიცია, თუ რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა საფრთხის შემცველი დემოკრატიული სამყაროსთვის - თუკი ამას მოვისმენთ, კი ბატონო, გავაგრძელოთ დისკუსია. მაგრამ ასეთი არგუმენტი ამ დრომდე, ამ დრომდე არსად, არც საქართველოში, არც ევროკავშირში და არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს.
ოლაფ შოლცს ამ კანონისთვის არ უწოდებია აგენტების კანონი, ძალიან სამწუხაროა, როდესაც თარჯიმანი იკარგება თარგმანში და არ ვიცი მას უნებლიეთ თუ შეგნებით მოსდის შეცდომა? - ამბობს ბოჭორიშვილი.
შოლცმა ირაკლი კობახიძე საჯაროდ გააკრიტიკა რუსული კანონის შემობრუნების გამო - "დიდი იმედი გქონდა აღარ დადგებოდა დღის წესრგიში ამ კანონის შემობრუნება".
რატომ შემოაბრუნეს რუსული კანონი - კობახიძე შოლცთან თავს იმართლებს და ხელს NGO-ებისკენ იშვერს