პრემიერი თარჯიმნის წინააღნდეგ: რა თქვა კობახიძემ ბერლინში რუსულ კანონზე და რას ამბობს ის მედიასთან?

12.04.24 19:32
პრემიერი თარჯიმნის წინააღნდეგ: რა თქვა კობახიძემ ბერლინში რუსულ კანონზე და რას ამბობს ის მედიასთან?

პრემიერი ამტკიცებს, რომ გერმანიის კანცლერის თარჯიმანმა თარგმანი გააყალბა. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სიტყვები "აგენტების" კანონი შოლცს საერთოდ არ წარმოუთქვამს.

ამასთან, პრემიერი ზაალ ანდრონიკაშვილს "ნაციონალად" მოიხსენიებს და იმედოვნებს, რომ კანცლერის სამსახურში გაარკვევენ, როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერის ჩართვა თარჯიმნად. 

„როდესაც მე ვსაუბრობდი ოფიციალურ პოზიციაზე, მაშინ ვახსენე, რომ ბიუროკრატიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიუროკრატიის პასუხისმგებლობაა, რომ მაგალითად კანცლერს მიუტანონ სწორი ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, სათანადოდ არ მოხდა. ამის გაგრძელება, რაც მოხდა თარჯიმანთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი არის ღიად ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმომადგენელი, ამის მიუხედავად ის თარგმნიდა ამ პრესკონფერენციას და ბოროტად გამოიყენა, როგორც იყენებენ ხოლმე „ნაციონალები", ბოროტად გამოიყენა ეს პრივილეგია კანცლერის მიერ ნათქვამი წინადადების გაყალბებისთვის. მან გააყალბა კონკრეტული წინადადება და იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვები - „აგენტების კანონი", მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა, ანუ პირდაპირი გაყალბება იყო. აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააყალბა კანცლერის თარგმანი, მთავარი პრობლემა არის ბიუროკრატიაში. მე იმედი მაქვს, რომ კანცლერის სამსახური გაერკვევა იმაში, თუ როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში და იმედი მაქვს, რომ ასევე მოსთხოვენ ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პასუხს კანცლერის სიტყვების გაყალბებაზე,"- ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები