არცერთ ხელისუფლებას ხალხმა არ შეარჩინა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოღერებული ხელი - ნაცვლიშვილი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იმყოფებიან - პარტია "ლელოს" წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი "პირველების" ეთერიდან ხელისუფლებას მკაცრად მოუწოდებს, რომ უკან გაიწვიონ კომიტეტზე პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონპროექტი.
"არცერთ ხელისუფლებას ხალხმა არ შეარჩინა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოღერებული ხელი", - ამბობს ნაცვლიშვილი და ამატებს, რომ რუსული კანონი ისტორიას შემორჩება.
ძალიან მარტივად და ცალსახად არის საკითხი. კარგ, დემოკრატიულ, ქვეყნისთვის სასიკეთო კანონს სჭირდება ასეთი დაცვა? სჭირდება დაშინება, ძალადობა, ხალხის გამოგდება კომიტეტიდან? ეს არის კანონი, რომელიც ამ ქვეყანას საბოლოოდ დააშორებს ევროკავშირს და დატოვებს რუსეთის ამარად. დაუშვებელია ასეთი კანონის მიღება. სწორედ ეს არის რუსეთის განზრახვა, რომ ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს. რატომ უნდა იღებდეს პარლამენტი კანონს, რომელსაც სჭირდება ძალოვნებით დაცვა. მე მინდა მივმართო მათ, ვინც მართვას ძალოვნებს. არცერთ ხელისუფლებას ხალხმა არ შეარჩინა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოღერებული ხელი. ისტორია შეინახავს ყველაფერს. არ გექნებათ თქვენს შვილებთან გასასწორებელი თვალები. ნუ აღმართავთ ხელს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ გაიხაროს და ისიამოვნოს რუსმა", - ამბობს ნაცვლიშვილი.