"როცა ვაჟა ასე იქცევა, ცხადია, სხვა სამართალდამცველებისთვისაც მწვანეა" - კობერიძე პოლიციის შეფის სკანდალზე
"როცა ვაჟა ასე იქცევა, ცხადია, სხვა სამართალდამცველებისთვისაც მწვანეა" - ასე ეხმაურება "გირჩი- მეტი თავისუფლების" წევრი ცოტნე კობერიძე პოლიციის შეფის სკანდალურ ვიდეოს, სადაც ვაჟა სირაძის მხრიდან სავარაუდო ძალადობა ჩანს.
კობერიძის თქმით, სადაც კამერა არ გიღებს, მაგალითად, პოლიციის კორდონში და იზოლატორში, პოლიცია დაკავებული აქტივისტების ცემას არ ერიდება.
როცა შენი უფროსი ვაჟა ასე იქცევა, ცხადია, რომ შენთვისაც მწვანეა. პოლიციის კორდონში რომ შეგაგდებენ, იქ, სადაც კამერა ვერ გიღებს, იქ მასიურ ძალადობას აქვს ხოლმე ადგილი. კიდევ უფრო მეტი ძალადობა ხდება როცა დაკავებული ხარ და გადაგიყვანენ, იქ კიდევ უფრო ძალადობენ. სადაც კამერა არ არის, ისინი თავს გრძნობენ, როგორც თევზი წყალში და მარტივად ძალადობენ", - ამბობს ცოტნე კობერიძე.
აქციის მონაწილეების ცემაში ადვოკატები ვაჟა სირაძესაც ადანაშაულებენ - გასაჯროვებულია ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციის შეფი დაკავების დროს, სავარაუდოდ, ერთ-ერთ აქტივისტზე ძალადობს.
რატომ არ იბარებენ ამ დრომდე საგამოძიებოში ვაჟა სირაძეს? - კარლო კაციტაძის უწყებაში ამბობენ, რომ მათთვის ჯერ არავის მიუმართავს.
საინტერესოა, რაში სჭირდება საგამოძიებოს მიმართვა, როდესაც საჯაროდ გავრცელდა კადრები, რომელიც "პირველებმა" გადაიღო და სადაც პოლიციის შეფის მხრიდან სავარაუდო დანაშაული იკვეთება.