"ირაკლი კუპრაძე მიუთითებს, რომ ნაცემია" - იოსელიანმა დაკავებულები მოინახულა
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თბილისის პოლიციის სამმართველოში მოთავსებული დაკავებულებიც მოინახულა.
ომბუდსმენის თქმით, აღნიშნულ იზოლატორში რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე გუშინ და გუშინ წინ დაკავებული 18 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის, პოლიტიკოსები.
იოსელიანის განცხადებით, რამდენიმე მათგანი ფიზიკურ დაზიანებაზე მიუთითებს, მათ შორის, „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე.
„ყველა დაკავებული მოვინახულე. მთლიანობაში არის 18 პირი. რამდენიმე მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებაზე, მათ შორის ირაკლი კუპრაძე, რომელიც აქ იმყოფება და რომელიც ამბობს, რომ დაკავებისას ისიც იყო ფიზიკური ზემოქმედების მსხვერპლი. ყველა ასეთ შემთხვევაზე საქმის კურსში ჩავაყენებთ და გადავგზავნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისთვის. სახალხო დამცველის ანგარიშში აისახება ყველა ის ფაქტი, რომელიც ამ დაკავებებს უკავშირდება. მე ვინც მოვინახულე დაზიანებები ცხადადად ეტყობა ერთს სახეზე და ერთს ცხადად ეტყობა კისერზე", - ამბობს იოსელიანი.