ჩვენი შვილები ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და ეს ერთად უნდა დავიცვათ - ბოკუჩავა
"ჩვენი შვილები იბრძვიან ჩვენი ევროპული მომავლისთვის და ეს ევროპული მომავალი უნდა დავიცვათ ერთად", - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქართველ ხალხს ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებისკენ და მასშტაბური საპროტესტო აქციისკენ მოუწოდებს.
დღეს არის ერთიანობის დრო. ყველა თაობის წარმომადგენლებო, მიუხედავად ჩვენი პარტიული კუთვნილებისა, ჩვენ ვართ ერთად და ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ჩვენი შვილები იბრძვიან ჩვენი ევროპული მომავლისთვის და ეს ევროპული მომავალი უნდა დავიცვათ ერთად. ჩვენ, საქართველოს პროდასავლურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ რუსული კანონი არ მიეღო ივანიშვილს პარტიას პარლამენტში. ვიბრძოლეთ სიტყვით, გავაკეთეთ ყველაფერი, მაგრამ მათ ძალადობრივად, მალულად მაინც მიიღეს რუსული კანონი, მაგრამ მხოლოდ პირველი მოსმენით. ეს არის მხოლოდ პირველი მოსმენა და გვახსოვს, რომ არ მოხდა შარშანაც, მაგრამ შემდეგ ივანიშვილის პარტიას მოუწია რუსული კანონის გაწვევა და მოუწია იმის გამო, რომ ათი ათასობით საქართველოს მოქალაქემ, ათი ათასობით საქართველოს ახალგაზრდამ არ დათმო ევროპული მომავალი და ევროპულ მომავალს არ დავთმობთ არც ახლა. ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, ამიტომ გთხოვთ, შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ივანიშვილს - არა რუსულ კანონს, კი ევროპას!“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
83 მომხრე, 0 წინააღმდეგი - "ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
კენჭისყრის დროს დარბაზში არცერთი ოპოზიციონერი არ იმყოფებოდა. მათ დარბაზი კენჭისყრამდე, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დატოვეს.