თავი შეიკავეთ ისეთი კანონის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს - EU "ოცნებას" აფრთხილებს
ცოტა ხანში, ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების საგანგებო შეკრება დაიწყება, სადაც შეიძლება "ოცნების რუსული" კანონი ერთ-ერთი განსახილველი საკითხი გახდეს.
მანამდე კი რუსულ კანონთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის ოლივერ ვარჰეის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს მმართველმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ევროკავშირის გაფრთხილება და უარი არ თქვა რუსულ კანონზე.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს
დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად ევროკავშირის არაერთი მოწოდების უარი ეთქვა მსგავს კანონმდებლობაზე და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა.
მოვლენათ ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს - ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს", - წერია განცხადებაში.
83 მომხრე, 0 წინააღმდეგი - "ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.