არასამთავრობოები არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ქვეყანაში - კობახიძე
არასამთავრობოები არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ქვეყანაში - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
რაც შეეხება იმას, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული რუსული კანონი, კობახიძე ირწმუნება, რომ ის არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული და რომ გამჭვირვალობა ყველას მოეთხოვება.
მე მგონია, რომ ამ წლების განმავლობაში გამჭვირვალობის შესახებ კანონს რომ ემოქმედა, დონორებსაც გაუჭირდებოდათ პოლარიზაციის ღიად დაფინანსება საქართველოში და ენჯეოებსაც გაუჭირდებოდათ ასე ღიად პოლარიზაციის წახალისება ჩვენს ქვეყანაში. რომ გადახედო მათ სოციალურ ქსელებს, არასამთავრობოები არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ქვეყანაში.
რაც შეეხება იმას, თუ ვის წინააღმდეგ არის ეს კანონპროექტი მიმართული, ზოგადად, გამჭვირვალობა ვერავის წინააღმდეგ ვერ იქნება მიმართული. მითუმეტეს ვერ გაარჩევს ერთმანეთისგან მტრებს და მეგობრებს. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება მტერზეც და მეგობარზეც, კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ სუბიექტზე. ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაზე, თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ. გამჭვირვალობა არის, პირველ რიგში, მეგობრებისადმი პასუხისმგებლობა", - ამბობს კობახიძე.
კობახიძემ არასამთავრობოები ასევე მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმასა და რელიგიურ ექსტრემიზმში დაადანაშაულა.
კონკრეტული ენჯეოები თავხედურად ესხმოდნენ თავს მართლმადიდებელ ეკლესიას. ეკლესიაზე თავდასხმის პარალელურად, კონკრეტული ენჯეოები ღიად უჭერენ მხარს ისეთ აქტივობებს, რომლებიც საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას ისახავს მიზნად. პოლიტიკური ინტერვენცია რელიგიური სარჩულით. ალბათ, ხვდებით, რაზე მაქვს დაახლოებით საუბარი. ასევე, მათ შორის, კონკრეტული ენჯეოები მხარს უჭერდნენ ისეთ აქტივობებსაც კი, რომელიც მიმართული იყო რელიგიური ექსტრემიზმის წახალისებისკენ. არ მინდა დავასახელო ის რელიგიური ექსტრემიზმით გამორჩეული გაერთიანებები, რომელთა ადვოკატიც არის რეგულარულად დასავლური წყაროებიდან დაფინანსებული ორგანიზაცია. მე აქაც მგონია, რომ ამ წლების განმავლობაში რომ ამ კანონს ემოქმედა, ეს ორგანიზაციები, კერძოდ ერთი კონკრეტული ენჯეო ვერ გაბედავდა ასე ღიად სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლას და დონორებს არ ჩააგდებდა უხერხულ მდგომარეობაში", - ამბობს კობახიძე.