ნუ გვაყრით თვალში ნაცარს! გაუმჭვირვალე ინვესტიციების მოზიდვამ შეიძლება, ნებისმიერი სახელმწიფოს მძევლად გვაქციოს - კორძაია

18.04.24 14:38
ნუ გვაყრით თვალში ნაცარს! გაუმჭვირვალე ინვესტიციების მოზიდვამ შეიძლება, ნებისმიერი სახელმწიფოს მძევლად გვაქციოს - კორძაია

ივანიშვილის ინტერესებზე მორგებული კანონი - თამარ კორძაია ამბობს, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილმა ცვლილებებმა, შესაძლოა, მომავალში, ნებისმიერი სახელმწიფოს მძევლად გვაქციოს.

მისი განმარტებით, კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით სრულიად ბუნდოვანი იქნება, ვინ ფლობს რეალურად ოფშორულ ზონაში კომპანიას.

„ნუ გვაყრით თვალში ნაცარს და ნუ გველაპარაკებით აქ გაუმჭვირვალე ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი სახელმწიფოს მძევლად გვაქციოს ხვალ. ვისი ფული იქნება ამ ქვეყანაში შენახული, ჯერ არავინ ვიცით და ვერც გავიგებთ. თქვენ რეალურად, გაუმჭვირვალე, შავი ხვრელი უნდა შექმნათ საქართველოში.

იმ დროს, როდესაც ხმალამოღებული იბრძვით აქ და ამბობთ, რუსულ კანონს როგორ ამბობთ, ხალხს უფლება აქვს იცოდეს, ვინ, რა ფულს ფლობს, ხარჯავს და ასე შემდეგო, იმ ფონზე, როდესაც ოფშორული ზონა ხასიათდება სრული ანონიმურობით, იმ ფონზე, როდესაც დღეს არსებული რეესტრით მხოლოდ მფლობელი არის გამჭვირვალე და მეტი არაფერი, იმ ფონზე, როდესაც ნებისმიერი სუბიექტის დეკლარაციები არის საგადასახადო საიდუმლოება, როდესაც მსოფლიოში სერიოზული პრობლემაა ამ დიდი ფულის ბრუნვასთან და ოფშორული ზონების გაკონტროლების დისკუსია მიდის, რადგან იქიდან წამოსული ფული შეიძლება ხმარდებოდეს რუსულ ინტერესებს, ომის წარმოებას მშვიდობიანი ადამიანების წინაშე, ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლითაც სრულიად ბუნდოვანი დარჩება და არ ექნება საქართველოს მოქალაქეს იმის გადამოწმების შესაძლებლობა, ვინ ფლობდა რეალურად ოფშორულ ზონაში კომპანიას, ვისი ფული დაირეგისტრირა კონკრეტულმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა“,-განაცხადა კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები