თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს, ბრძოლა იქნება ბოლომდე! - მამუკა ხაზარაძე
"ლელოს" ლიდერები ირაკლი კუპრაძის გათავისუფლების მოთხოვნით დიღმის მთავარ სამმართველოსთან მივიდნენ.
საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ "ბრძოლა იქნება ბოლომდე".
„ჩვენ შევიკრიბეთ პოლიციის სამმართველოსთან, რათა ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ირაკლი კუპრაძის მიმართ მხარდაჭერა, რომელიც 2 დღის წინ პოლიციამ აბსოლუტურად უკანონოდ დააპატიმრა. დღემდე არ ვიცით არანაირი ბრალდება, თუ რა დააშავა მან. ვიცით კადრები, იქ ვიყავით, თუ როგორ შეათრიეს ის და უხეში ქმედებით, როგორ აღუკვეთეს თავისუფლება. მთელ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანას თავზე მოახვია კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ სულისკვეთებას, თავისუფლებას და რაც ყველაზე მთავარია, ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ გზას. ამიტომ, ეს ბრძოლა იქნება პრინციპული. ეს არის რუსული კანონი. ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული. ყველა იმ ადამიანს, ვინც პასიური მდგომარეობიდან აკვირდება სიტუაციას, მინდა მოვუწოდო, რომ დღეს პასიურობის, სახლში ჯდომის დრო არ არის, ეს არის კანიონი, რომელიც ერთ დღეს გაგვაღვიძებს რუსეთში. ამ კანონს არ უწერია საქართველოში მიღება მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ ეს არის რუსული კანონი და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ უფლებას, კონსტიტუციაში ჩანაწერს, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს, რაც არის ევროკავშირი. ამის შესახებ გვითხრა მთელმა თავისუფალმა სამყარომ. აქეთ მხარეს დგას ბიძინა მისი დამქაშებით. ამიტომ, თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს. ჩვენ აქ მოვედით, რომ დავაფიქსიროთ ძალიან სერიოზული პროტესტი არა მარტო ამის გამო, არამედ იმის გამო, რაც დღეს ქვეყანაში ხდება“,-განაცხადა ხაზარაძემ.
„ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს დააკავა.