ცხარე კამათი მომივიდა ანზორ ჩუბინიძესთან, ამის შემდეგ წამიყვანეს დიდუბის პოლიციაში, კარგი ნაბეგვი ვარ - ელისაშვილი

18.04.24 16:46
ცხარე კამათი მომივიდა ანზორ ჩუბინიძესთან, ამის შემდეგ წამიყვანეს დიდუბის პოლიციაში, კარგი ნაბეგვი ვარ - ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი, რომლის მტკიცებითაც, ის სამართალდამცველებმა სასტიკად სცემა, 17 აპრილს მომხდარ მოვლენებს იხსენებს. როგორც "მოქალაქეების" ლიდერი ყვება, თავდაპირველად, მას ცხარე კამათი ანზორ ჩუბინიძესთან მოუვიდა, რის შემდეგაც ხელბორკილები დაადეს და დიდუბის სამმართველოში გადაიყვანეს.

ელისაშვილი იხსენებს, რომ პოლიციის განყოფილებაში საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მივიდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ კი ომბუდსმენმა და დეპუტატმა სამმართველო ერთად დატოვეს.

"ამის მერე ბოჭორიშვილის კლინიკაში წავედი" - ამბობს ელისაშვილი და იქვე ამატებს, რომ ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო.

ძალიან ცხარე კამათი მომივიდა ანზორ ჩუბინიძესთან. ამის შემდეგ წამიყვანეს დიდუბის პოლიციაში, სადაც დამათვალიერეს. ყველგან დაზიანებები მაქვს. კარგი ნაბეგვი ვარ. პარლამენტის სისხლჩაქცევები ცალკე მაქვს, კანცელარიის ცალკე. იქ ლევან იოსელიანი მოვიდა. შემდეგ მალევე წამოვედით. ოქმი შეადგინეს, რომ იმუნიტეტი მისცაო და ეს განრიდება იყო და არა დაკავებაო. ამის შემდეგ წავედი ბოჭორიშვილის კლინიკაში. აღმოჩნდა, რომ მარჯვენა მხარეს მესამე ნეკნი მაქვს ჩამტვრეული და დანარჩენი მიგვებილ-მოგვებილი ვარ", - თქვა ელისაშვილმა.

"მოქალაქეების" ლიდერი ამტკიცებს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე და მის გარშემო მყოფი სამართალდამცველები მის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.

ელისაშვილი ყვება, რომ მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, კონკრეტული სამართალდამცველები მის მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილები.

"როგორც კი გამომარიდეს სიტუაციას, 20-მდე პოლიციელი მეუბნებოდა, გენაცვალეთ მარჯვენაშიო" - დასძენს ელისაშვილი.

ვაჟა სირაძე იყო ყველაზე აგრესიული. მის გარშემო, მის უახლოეს გარემოცვაში რამდენიმე პოლიციელი ვინც იყო, ისინიც ძალიან აგრესიულები იყვნენ. თუმცა, პოლიციელებს ფორმა რომ აცვიათ, მათ გულში მაინც ქართული გული ძგერს. იქ იყვნენ ძალიან აგრესიულები, მაგრამ როგორც კი გამომარიდეს სიტუაციას 20-მდე პოლიციელი მეუბნებოდა, გენაცვალეთ მარჯვენაშიო, ოღონდ ჩუმად მეუბნებოდნენ, რომ არავის გაეგონათ", - ამბობს ელისაშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ყვება, რომ მასზე თავდასხმაში ფიგურანტი პირები კარგად ახსოვს, ამიტომ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებდი. უბრალოდ ვძიძგილაობდი. მე არავისთან არ მივსულვარ და შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. პირიქით, იმას ვამბობდი, რომ არანაირი შეურაცხყოფა პოლიციისთვის არ მიეყენებინათ.

როგორც ჩანს ის მუშტი სხვებმაც იგრძნეს სახეზე და გადაწყვიტეს, მდინარაძის მაგივრად ჩემთვის პასუხი გაეცათ. სხვანაირად ასეთი აგრესია არ უნდა წამოსულიყო.

საჩივარს ვაპირებ. ყველა პოლიციელს ვცნობ სახეზე, ვინც ვაჟა სირაძის გარშემო იყვნენ. ვაჟა სირაძე იყო მთავარი. ისინი მირტყამდნენ, თორემ მონღოლები არ მოსულან. შესაბამისად, სარჩელს შევიტან. არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ ვინმეს დასჯიან, მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ და რუსული კანონი არ გავატანინოთ. - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

მსგავსი სიახლეები