"ამ კანონის შემოთავაზებით, პირდაპირ შავი ფულის გათეთრება დაიწყეთ" - აქუბარდია "ოცნებას"

18.04.24 16:23
"ამ კანონის შემოთავაზებით, პირდაპირ შავი ფულის გათეთრება დაიწყეთ" - აქუბარდია "ოცნებას"

თეონა აქუბარდიას განცხადებით, "ოცნებამ" საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით შავი ფულის გათეთრება დაიწყო.

აქუბარდია ამბობს, რომ ამ კანონის მიღება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია, რადგან მას სახელწმიფოს მიტაცება სურს.

თქვენ პირდაპირ შავი ფულის გათეთრება დაიწყეთ იმით, რაც ამ კანონში შემოგვთავაზეთ. "ვირეშმაკული", ასე ვიტყოდი, არის დაჩქარებული პროცესი. ყველაფერი ცუდი ამ პარლამენტში მხოლოდ დაჩქარებულად ხდება და ყველაფერი არის პოლიტიკური. ამ კანონით მოქალაქეებს რომ ფული დააკლდებათ, იმიტომ  რომ ბიუჯეტში ფული არ შევა, ეს გასაგებია და ისიც გასაგებია, რომ ეს ყველაფერი კეთდება ერთი კონკრეტული კაცის, რომელსაც სურს, რომ ამ ქვეყანაში სახელმწიფო მიიტაცოს, ესეც გასაგებია", - ამბობს აქუბარდია 

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

პარლამენტი “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს.

ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

მსგავსი სიახლეები