კვიჟინაძე: არავითარ კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ კიდევაც რომ იყოს რა?

18.04.24 16:21
კვიჟინაძე: არავითარ კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ კიდევაც რომ იყოს რა?

"არავითარ კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ კიდევაც რომ იყოს რა? ცუდი რა ხდება?" - ამ კითხვას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე სვამს.   

პაატა კვიჟინაძე ამტკიცებს, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც "ოცნებამ" ცოტა ხნის წინ მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი, პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძ ინა ივანიშვილის ქონებასთან კავშირში არაა.  

ბატონ ბიძინაზე მინდა ვთქვა, საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, ჯერ ერთი, რომ გადმოიტანოს რა, თქვენ არ იძახით, გაუმჭვირვალეა და რაღაცო? გამჭვირვალე გახდება. რა არის ცუდი თუ გადმოიტანს... არავითარ კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ კიდევაც რომ იყოს რა? ცუდი რა ხდება? გამჭვირვალე გახდება უფრო მეტად, სხვა ცუდი რა ხდება, ამიხსნას ვინმემ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, სანქციებთან ამას დააკავშირებს ისეთი ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის სანქციები... ბატონ ბიძინაზე ვერიდები ხოლმე საერთოდ საუბარს, მაგრამ თუ საქართველოში, სახელმწიფოს გარდა, სახელმწიფოს არ ვგულისხმობ, რაიმე კარგი გაკეთდა, ბატონი ბიძინას გაკეთებული არ არის ყველაფერი?!" - თქვა პაატა კვიჟინაძემ.

პარლამენტი “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს.

ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტის წევრებმა: - პაატა კვიჟინაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, ირაკლი კირცხალიამ, ბეჟან წაქაძემ, ზაალ მიქელაძემ, ირაკლი ზარქუამ და გოგი მეშველიანმა წარადგინეს.

  

მსგავსი სიახლეები