ტვინის შერყევა, დაბეჟილობები და მოტეხილობები - რას ყვებიან სასტიკად ნაცემი აქციის მონაწილეები
ტვინის შერყევა, დაბეჟილობები და მოტეხილობები - მომიტინგეების ნაწილი ისევ იზოლატორებში და კლინიკებში რჩება. პოლიციის სისასტიკეს თითქმის ვერც ერთი დაკავებული ვერ გადაურჩა. ყველა დაკავებულის ისტორია იდენტურია. სცემდნენ ძირს დაგდებულებს წიხლებით და ხელკეტებით. მათ შორის არის ლევან ჯობავაც, რომელიც უმძიმესი დაზიანებებით დღეს კლინიკიდან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს. აქციის მონაწილე ირწმუნება, რომ სპეცრაზმელებმა ცემისგან გათიშეს.
კობახიძის, ღარიბაშვილის და მდინარაძის სახელების ხსენება დასჯადია. მომიტინგეებს მხოლოდ იმიტომ უსწორდებოდნენ განსაკუთრებული სისასტიკით, რომ ოცნების ლიდერების სახელებს სკანდირებდნენ. დირექტივებს ვინ უნდა დაეკავებინათ და ეცემათ უშუალოდ საპატრულო პოლიციის უფროსი გასცემდა. შემდეგ უკვე საქმეში სპეც დანიშნულების რაზმი ერთვებოდა და საპატრულო მანქანასთან მიყვანამდე მომიტინგეებს უმძიმესი წუთების გავლა უწევდათ.