კანონი ივანიშვილის ქონების გადასარჩენად
ოლიგარქის კიდევ ერთ საგანგებო დავალებას "ოცნებამ" რეკორდულად სწრაფ დროში ასრულებს. ივანიშვილის ფულის დაცვისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ბოლო ორ დღეში უკვე მეორე მოსმენით დაამტკიცეს. კანონის ძალაში შესვლამდე პრაქტიკულად ერთი ნაბიჯი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელი სანქციებით შეშინებული ოლიგარქი ოფშორებიდან ფულის, აქტივებისა და ქონების საქართველოში გადმოტანას მარტივად შეძლებს. ისე, რომ ამის სანაცვლოდ ბიუჯეტში ერთ თეთრსაც კი არ გადაიხდის.
რატომ არ უნდა გადაიხადოს მილიარდერმა თანხა, როცა რიგითი მოქალაქისთვის საზღვარგარეთიდან მიღებული ნივთებიც კი იბეგრება. ეს კითხვა დღეს ოლიგარქის ქონებას გადაფარებულ ოცნების დეპუტატებს ოპოზიციამ დაუსვა. საპასუხოდ კი თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის კეთილდღეობაზე იმდენი ფული აქვს დახარჯული, თუ ახლა ბიუჯეტში არ გადაიხდის, ამით არაფერი დაშავდება. ოცნება, პრაქტიკულად, აღიარებს, რომ კანონი მხოლოდ ივანიშვილის და სხვა ოლიგარქების ინტერესებზეა მორგებული.