არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი - პრეზიდენტი

18.04.24 22:01
არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი - პრეზიდენტი

„არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ კოშმარია,“ - ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი France info-სთან ინტერვიუში აკეთებს.

სალომე ზურაბიშვილი რუსული კანონის საფრთხეებზე და რუსეთის განზრახვაზე საუბრობს.

მე არ მომწონს, რომ ეს კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ გზას, რომელსაც საქართველო მიყვება დღეს, მას შემდეგ, რაც ის გახდა  ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და როდესაც წლის ბოლოს ჩვენ ველოდებით მოლაპარაკებების დაწყებას გაწევრიანებასთან დაკავშირებით, როგორც ეს მოხდა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში.

ჩვენ ევროპის კართან ვართ და ამ დროს ძლიერდება რუსეთის მხრიდან ზეწოლა, რაც გასაკვირი არ არის, ზეწოლა ძლიერდება კანონის მეშვეობით,  რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და დაფინანსების წინააღმდეგ პუტინის კანონის ასლია.

საქართველოს  დამოუკიდებლობიდან ევროპული და ამერიკული ორგანიზაციები მხარს უჭერენ ყველაფერს, რაც დემოკრატიასა და ინსტიტუციებს წარმოადგენს ამ ქვეყანაში, მის დემოკრატიზაციას და ეს დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. გუშინ მე პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოური ძალის აგენტი მიწოდა, რადგან მე გამოვაცხადე ჩემი სურვილი დამედო ვეტო ამ კანონზე, მაგრამ მოსახლეობა მედგრად დგას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს უკან დაახევინოს მთავრობას, რომელმაც ეს კანონი ერთ წელიწადში მეორედ შემოიტანა სავარაუდოდ, მოსკოვის მოთხოვნით, მაგრამ ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება. ეს არჩევნები განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს და სწორედ ამიტომ არის ეს მოსახლეობა ასეთი მოტივირებული, ამიტომ არის ყველა ახალგაზრდა ქუჩაში; იციან, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ  მათი ევროპული მომავალია. ამ მომავალს საქართველო უფრთხილდება, მისი პერსპექტივაა, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამ გზას მიუყვება და მასზე უარს არ იტყვის. - ამბობს პრეზიდენტი.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ყველა კანონი, რასაც ოცნება ბოლო პერიოდში იღებს, ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას - „ეს რუსული სტრატეგიაა. ეს ჭადრაკის თამაშია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთა“.

რა თქმა უნდა შემაშფოთებელია, ისევე როგორც სხვა კანონების მთელი სერია, რომელიც დიდი სისწრაფით მიიღება ახლა ხელისუფლების მიერ და რომლებიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროკავშირი გვთხოვს, რათა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დადასტურება მოხდეს. ამიტომ ვამბობ, რომ  ეს რუსული სტრატეგიაა. ეს ჭადრაკის თამაშია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირთან იმისათვის, რომ საქართველოს კურსი შეაცვლევინონ. საქართველო კავკასიის შუაგულში მდებარეობს, კავკასია საქართველოთი განისაზღვრება და ეს განსაზღვრავს ასევე, სომხეთის მომავალსაც, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთს სურს აქ დაწეროს ისტორია, რომელსაც ვერ წერს უკრაინაში, ცხადია, სხვა საშუალებებით, მაგრამ ჩვენც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. აქ ნამდვილი პოლიტიკური გავლენების თამაშია, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიოდ ამბობს და ხედავთ კადრებში ახალგაზრდებს, ამ ქვეყნის ყველა ახალგაზრდა ამ კანონის წინააღმდეგაა - ამბობს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება.

არა, რადგან იმავე რაოდენობის ხმა, რაც აუცილებელი იყო პირველი მოსმენით კანონის მისაღებად, არის საჭირო ვეტოს დასაძლევად, და ეს მათ ექნებათ; არც ერთი ხმა არ აკლდათ, რაც აჩვენებს იმას, თუ როგორ მართავს [ამ პროცესს] მმართველი პარტია. ეს ვეტო ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, რომელიც ამ ვეტოს საშუალებით ხედავს, რომ პრეზიდენტი მათთან ერთადაა და მათთან ერთად იბრძოლებს მაშინაც კი, თუ ეს კანონი გავა. ჩვენ არ დავნებდებით და მომავალი არჩევნები აჩვენებს, რომ საქართველო, თავის ევროპულ გზაზე, ევროპულ ბანაკში რჩება, მიუხედავად მოსკოვის ყველა ამ მცდელობისა, რომელიც დღეს იარაღად იყენებს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას,“ - ამბობს ზურაბიშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე - როგორც ეს 2008 წელს პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს იყო, შიშობთ, რომ ზაფხულში, პარიზის ოლიმპიადის დროს კიდევ იქნება რუსეთის თავდასხმა თქვენს ქვეყანაზე? - პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა რუსეთს ჰიბრიდული ომის სტრატეგია აქვს არჩეული საქართველოსთან დაკავშირებით.

იცით, რუსეთთან დაკავშირებით არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. მაგრამ დღეს ნათელია, რომ რუსეთის სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირია, ეს ჰიბრიდული ომის სტრატეგიაა პროპაგანდისა და ხელისუფლებაზე ზეწოლის მეშვეობით, რათა მათ მიიღონ რუსული კანონები, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე რუსი მიგრანტების შემოდინების მეშვეობით. ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ, რომელსაც წინააღმდეგობას ვუწევთ, მაგრამ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს,“ - ამბობს ზურაბიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები