"ოცნება" ქართველების ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ მიდის - გიორგი მარგველაშვილი ანტირუსულ აქციაზე მივიდა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინ, ახალგაზრდების მიერ სპონტანურად გამართულ აქციაზე გამოჩნდა.
"მომინდა ამ ახალგაზრდებთან მოსვლა"- უთხრა "ტვ პირველს" მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ახალ თაობას, რომელიც "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს, ნათელი პოზიცია აქვთ.
"მინდა, ამ ახალგაზრდების სულისკვეთება გავიზიარო. აქ ვარ და ველი, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად განვითარდება და მშვიდობიანად და კარგად გაგრძელდება ის მოთხოვნა, რომელიც აქვს ამ თაობას. თაობისთვის, რომლისთვისაც მიუღებელია სიბნელე და რუსულ, ბოტოტების სახელმწიფოში გადაყვანა"- თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, პროევროპული არჩევანი, რომლის დაცვაც მოქალაქეებს ქუჩაში უწევთ, ქართველებს საუკუნის წინ აქვთ გაკეთებული, "ოცნების" ხელისუფლება კი ამ სულისკვეთბის საპირისპიროდ მიდის.
"ნათელია, ის რაც ამ ქვეყანას გაკეთებული აქვს და ნათელია ისიც, რა არჩევანი აქვს გაკეთებული ამ ქვეყნის ხელისუფლებას. სამწუხაროდ წინააღმდეგი არამარტო ჩვენი სულისკვეთების, არამედ ბუნებრივად ჩვენი ისტორიული არჩევანის"- დასძინა მან.