დღეს პარლამენტში შს მინისტრს ელოდებიან - რა კითხვებით ხვდება გომელაურს ოპოზიცია
დღეს პარლამენტში შს მინისტრს ელოდებიან - საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მიწვეულ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და ამ თემაზე მას მარტის თვეში მიმართა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა. ასევე, რა ღონისძიებები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს გომელაური პარლამენტში ისაუბრებს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდიას თქმით, ამ საკითხების გარდა, გომელაურტან აუცილებლად ექნებათ კითხვები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, რასაც ბოლო დღეებში პერმანენტული ხასიათი ჰქონდა.
ჩვენ შს მინისტრი დავიბარეთ წინა თვეს იმ გახშირებულ ფემიციდის შემთხვევებზე, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში. არანაირი სტატისტიკის გაუმჯობესება ამ მოცემულობაში, რასაც აჩვენებს მინისტრი, მათ შორის თავის ანგარიშში, არ ცვლის მოცემულობას, რომ ქალებს კლავენ. ეს არის საკითხები, ასევე ნარკოდანაშაული, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით პოლიციის მხრიდან იმ ძალადობის ფაქტებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ დღეებში", - ამბობს თეონა აქუბარდია.
"გირჩის" ლიდერს შს მინისტრისგან აინტერესებს, აქციაზე ძალადობის ფაქტი მხოლოდ ალეკო ელისაშვილის მისამართით განხორციელდა, თუ კიდევ აპირებენ მგავსი ქმედების განხორციელებას სხვა დეპუტატების მისამართითაც.
ახლა, შს მინისტრის დაბარება ფემიციდზე სასაუბროდ უბრალოდ არასერიოზულია. მაქვს კითხვები ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით და მაინტერესებს აქციაზე ელისაშვილთან მიმართებაში ჩადენილი ეს ქმედება იყო გამონაკლისი, თუ კიდევ აპირებენ იგივეს გაგრძელებას დანარჩენ დეპუტატებზე? ვერიდოთ პოლიციელებს, თუ მათი იმედი გვქონდეს, როცა რაიმე გაგვიჭირდება, აი ეს კითხვები მექნება",- ამბობს იაგო ხვიჩია.
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში 12 საათზე მივა.