ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციაში შეჭრას, ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ შენობა - გომელაური
„საზოგადოებამ ისიც ნახა, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია პირველივე დრიდან ძალადობრივ ქმედებებში,“ - ეს განცხადება რუსული კანონის წინააღმდეგ მომიტინგეებთან დაკავშირებით შს მინისტრმა გააკეთა.
პარლამენტში მისული ვახტანგ გომელაური აქციას "ძალადობრივად" მოიხსენიებს. გომელაური რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაში აქციის მონაწილეებს ადანაშაულებს.
მინისტრის გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, რადგან მის ბრალდებებს ოპოზიციონერი დეპუტატები რეპლიკებით პასუხობენ.
ვახტანგ გომელაური ძალადობაში ოპოზიციონერ ლიდერებს ადანაშაულებს - "ისინი ცდილობდნენ ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას, ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა".
მაშინ, როცა საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, მონაწილეთა ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცავთა მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, არ ემორჩილებოდნენ...
კარგად გვესმის, რომ გარკვეული ძალების მიზანი ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ, მათ შორის 16 აპრილს, გვიან ღამით, როცა სრულდებოდა აცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, აგინებდნენ საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათი ოჯახის წევრებს, შვილებს, დანარჩენ სიტყვებს ვერ გავიმეორებ. ამის შემდეგ მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებს და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი, თუმცა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცავების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა.
რაც შეეხება აქციის მესამე დღეს, პოლიციის კორდონი აღარ იყო მობილიზებული პარლამენტის შენობის გარშემო, რადგან სამუშაო პროცესი დასრულებული იყო და იქ არავინ იმყოფებოდა, ამაზე ძალიან ბევრი კითხვა გქონდათ, რომ სად გაქრა პოლიცია, თუმცა ხშირ შემთხვევაში უპრეცენდენტო მობილიზება პოლიციის, პოლიცია არ იყო, ეგეც არ მოგეწონათ - ხან მოგწონთ პოლიცია რომ არის, ხან არა, ეგეც თქვენ გადაწყვიტეთ, რომელი მოგწონთ.
პოლიციელები გადანაწილებულები იყვნენ რუსთაველის გამზირზე - აქცია მიმდინარებდა მშვიდ ვითარებაში, თუმცა ამ შემთხვევაშიც მთავარ მიზანს კონფლიქტის ხელოვნურად შექმნა წარმოადგენდა და ამიტომ მიიღეს სავარაუდოდ გადაწყვეტილება კანცელარიის შენობისკენ გადაენაცვლათ. საზოგადოებამ კარგად ნახა აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები როგორ ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას. ისინი ცდილობდნენ ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას, ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა,“ - ამბობს გომელაური.