"ვერაფერს ვერ ვეტყვი შსს-ს" - პაპუაშვილის პასუხი "ტვ პირველთან" მოწყობილ ჩასაფრებაზე
"ვერაფერს ვერ ვეტყვი შსს-ს", - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვას, რა პასუხი აქვს მას ტელეკომპანიასთან მოწყობილ ჩასაფრებასთან დაკავშირებით და მიმართავს თუ არა ის პირდაპირი ეთერიდან შსს-ს რეაგირების მიზნით.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, რომლის პირდაპირი მოვალეობაა, აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის კონტროლი, ამბობს, რომ ის შსს-ს ვერ მიმართავს.
"ტვ პირველთან" მოწყობილ ჩასაფრებასთან დაკავშირებით ის "პირველების" ჟურნალისტს ამისამართებს შსს-სთან იმის მიუხედავად, რომ იცის, გომელაურის უწყებას მყისიერი საფრთხის შესახებ შესული შეტყობინების ფაქტზე, ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენია.
ამის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარეს საუბარი გადააქვს იმ მუქარებზე, რომელსაც დეპუტატები იღებენ.
ვერაფერს ვერ ვეტყვი შსს-ს, მე გახლავართ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი, შსს არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და არ არის მითითებებზე დამოკიდებული. შსს ხედავთ, აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდა აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტების დაცვის მხრივ, საუკეთესო სტანდარტებზე მეტად...
რაც შეეხება ტვ პირველის შემთხვევას, შსს-მ უნდა გაგცეთ ამასთან დაკავშრებით პასუხი. რა პასუხი უნდა გაგცეთ? რატომ რეკავენ პარლამენტის წევრებთან უცხო ნომრები და ემუქრებიან, რატომ?“ - ამბობს პაპუაშვილი.
ჩასაფრება "ტვ პირველთან" და სრულ უმოქმედობის რეჟიმში გადასული პოლიცია - ამ დრომდე, ტვ პირველში შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი თანამშრომელი გამოჩენილა.
გომელაურის უწყებაში "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ ხუთი ზარი განახორციელა, თუმცა ტელევიზიაში პატრული არ მოვიდა.
"პირველებმა" უკვე გაშიფრა ტელეკომპანიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ამ კადრებში კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია პირველის ეზოსთან მინიმუმ ხუთი შენიღბული მამაკაცი მორიგეობდა.
კადრების გაშიფვრის შედეგად იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი ავტომობილის მარკა და სანომრე ნომერი.
TV პირველთან "რენჯ როვერი"-ის ავტომობილი იდგა ნომრით, ტრანზიტული ნომრით: GT - 4904.