"პაპუაშვილს უთქვამს, ყველაფერზე შევთანხმდითო, იქ ვიყავი..." - რას ამბობს ბოკერია
"ყველაფერზე შევთანხმდითო ხომ? მე შემიძლია ვთქვა, რომ იქ ვიყავი, როდესაც ეს ამბავი გაიგეს და ძალიან აღსანიშნავი მომენტი იყო ასეთი რამის გაგება მათი მხრიდან" - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია პაპუაშვილის ტყუილს ევროპელი კოლეგების მისამართით.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მწუხარებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმომადგენელი "ქართული ოცნებაა".
ბოკერია პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთისკენ აღებული კურსი და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ერთმანეთთან შეუთავსებელია.
მე როგორც გავიგე, რაღაც უთქვამს პაპუაშვილს, ყველაფერზე შევთანხმდითო ხომ? მე შემიძლია ვთქვა, რომ იქ ვიყავი, როდესაც ეს ამბავი გაიგეს და ძალიან აღსანიშნავი მომენტი იყო ასეთი რამის გაგება მათი მხრიდან. დანარჩენს თვითონ იტყვიან, თუ უკვე არ თქვეს. კონკრეტიკა მდგომარეობს იმაში, რომ სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობაა დღეს საქართველოს წარმომადგენელი. ყველა ნაბიჯს, რომელსაც ისინი გადადგამენ იმისთვის, რომ ეს ვითარება, რომელიც თვითონ შექმნეს, ისინი მიესალმებიან. ოღონდ პრინციპიალური პოზიცია არ იცვლება მათი. ეს კურსი, თავისი ძალადობით და საქართველოს ევროპული მომავალი არის შეუთავსებელი", - ამბობს ბოკერია.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, "შეხვედრაზე ყველა შევთანხმდით, რომ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი. ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანი".
განცხადების გაკეთების შემდეგ ევროპელმა პოლიტიკოსებმა პაპუაშვილი ტყუილში დაადანაშაულეს.
- ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაპუაშვილს ტყუილში ამხელს
- ლანდსბერგისი პაპუაშვილს ტყუილში ამხელს
- ჩემი გზავნილი საპირისპიროა: საქართველო არ მოძრაობს სწორი მიმართულებით - ცაჰკნა პაპუაშვილს
შეგახსენებთ, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში იმყოფებიან. თავდაპირველად, მათ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან გამართეს. ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდებიან.