როდესაც მინისტრების თანდასწრებით პარლამენტის თავმჯდომარე პროპაგანდისტობს და ტყუილს ავრცელებს, ამით ყველაფერი ნათქვამი - გვარამია
"როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით პარლამენტის თავმჯდომარე პროპაგანდისტობს და ტყუილს ავრცელებს, ამით ყველაფერი ნათქვამია" - ასე ეხმაურება პარტია "ახალის" თავმჯდომარე, ნიკა გვარამია პაპუაშვილის ტყუილს ევროპელი კოლეგების მისამართით.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსული კანონი საბოლოოდ დამტკიცდება, 2024 წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები არ გაიხსნება.
როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით პარლამენტის თავმჯდომარე პროპაგანდისტობს და ტყუილს ავრცელებს, ამით ყველაფერი ნათქვამია, ჩემი აზრით. გამორიცხულია ევროპელებთან შეთანხმება იმ ვითარებაში, როდესაც ეს კანონი არსებობს. აქ არანაირ გადახედვას ეს დასკვნა არ ექვემდებარება. შესაბამისად, ვეტოთი თუ ვეტოს გარეშე და ჩვენ ვიცით, რომ ვეტო საერთოდ არ იქნება, ან იქნება ბლანკეტური, ანუ არაფერი არ ეწერება შიგნით, პროცესი არ გაიხსნება "ქართული ოცნების" გამო", - ამბობს გვარამია.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, "შეხვედრაზე ყველა შევთანხმდით, რომ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი. ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანი".
განცხადების გაკეთების შემდეგ ევროპელმა პოლიტიკოსებმა პაპუაშვილი ტყუილში დაადანაშაულეს.
- ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაპუაშვილს ტყუილში ამხელს
- ლანდსბერგისი პაპუაშვილს ტყუილში ამხელს
- ჩემი გზავნილი საპირისპიროა: საქართველო არ მოძრაობს სწორი მიმართულებით - ცაჰკნა პაპუაშვილს
შეგახსენებთ, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში იმყოფებიან. თავდაპირველად, მათ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან გამართეს. ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდებიან.